ბათუმის დინამო, არჩილ ბერიძე, ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

ეს სამწუხაროა, დემჩენკოს ვესაუბრე - არჩილ ბერიძის განცხადება

ბათუმის „დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ უკრაინულ მედიასთან საუბარში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი გააკრიტიკა. ასევე, აღნიშნა რომ საქართველოს ნაკრების სუსტი მხარე ვეტერანი ცენტრალური მცველები, გურამ კაშია და სოლომონ კვერკველია არიან. დემჩენკოს კომენტარი შემდეგ ბათუმის „დინამოს'' პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით დემჩენკოს პირადად ესაუბრა და მისგან დაპირება მიიღო. რეალურად არჩილ ბერიძის მხრიდან ამ ტიპის რეაგირება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ქართულ ფეხბურთში ჩართულ პირთა დიდ ნაწილს განსხვავებული აზრის მიმღებლობა არ აქვს.

არჩილ ბერიძე: “ვიცი რომ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს უკრაინული მედიაში გავრცელებულმა ინტერვიუმ ეროვნული ნაკრებების შესახებ.

აღნიშნული საკითხის შესახებ დემჩენკოს პირადად ვესაუბრე და მივიღე დაპირება, რომ თავად ანდრეი გააკეთებს გარკვეულ განმარტებებს ინტერვიუს შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით, მისი თქმით საქმე გარკვეული საკითხების არასწორ ინტერპრეტაციასთან გვაქვს და ეს სამწუხაროა.

ზოგადად მინდა ჩემი მხრიდან დავამატო, რომ მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ყველა განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გადავინაწილოთ. მჯერა რომ მხოლოდ ერთიანობით შეიძლება იმ ისტორიული შედეგის მიღწევა, რასაც დიდ საფეხბურთო ტურნირზე გასვლა ჰქვია და იმედს ვიტოვებ ამ სიხარულს საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლო მომავალში გვაზიარებს”.

ანდრეი დემჩენკომ უკრაინულ მედიასთან საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა: „პირადად მე არ მომწონს ის დაცვითი ფეხბურთი, რომელსაც ვილი სანიოლი გუნდს ათამაშებს. პირველივე დღეებიდან თავდაცვითი სქემა აირჩია - 5-4-1 თუ 5-3-2. სანიოლი ამას იმით ამტკიცებს, რომ მას არ ჰყავს სწრაფი მოთამაშეები და ასაკში შესრული ცენტრალური მცველები ჰყავს. მაგრამ საქართველოს ნაკრების შემტევი პოტენციალი ძალიან ძლიერია, წინ შესანიშნავი ბიჭები თამაშობენ, ამიტომ არ მომწონს, რომ სანიოლი ყრუ დაცვიდან თამაშს ირჩევს. უკრაინის ნაკრებს ქართველებთან თამაში და მათი დამარცხება შეუძლია“.

- რა არის ამ საქართველოს ნაკრების სუსტი წერტილი?

„ეს ორი გამოცდილი ცენტრალური მცველია - კვერკველია და კაშია. ისინი ასაკში მყოფი ბიჭები არიან, 30 წელზე მეტის არიან და არ აქვთ მაღალი სისწრაფე. ჩვენმა გუნდმა ამით უნდა ისარგებლოს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები