დე ლაურენტისს ოსიმენის შემცვლელად თავისი ფავორიტი ჰყავს
მიმდინარე სეზონის ბოლოს ვიქტორ ოსიმენის „ნაპოლიდან“ წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. ნეაპოლელები ნიგერიელი ფორვარდის შემცვლელზე უკვე მუშაობენ და რამდენიმე კანდიდატი შერჩეულიც ჰყავთ.
იტალიური Repubblica წერს, რომ ბოლო დროს ჯოშუა ზირკზეს ვარიანტი გამოიკვეთა. 22 წლის ნიდერლანდელი „პარტენოპეის“ მოსწონს და მისთვის ბრძოლას გეგმავს.
„ბოლონიას“ ზაფხულში ზირკზეს გაყიდვა მოუწევს. ნიდერლანდელის მიმართ ინტერესი პრემიერ ლიგის გრანდებსაც აქვთ, მათ შორის „არსენალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“. სიას „ნაპოლიც“ დაემატა.
თავად ფეხბურთელი გადაწყვეტს, თუ რომელ ლიგაში სჯობს მისი კარიერის გაგრძელება. რაც შეეხება „ბოლონიას“, იტალიური კლუბი სავარაუდოდ სულ მცირე 50-60 მილიონ ევროს მაინც მოითხოვს.
წყაროს ცნობით, ვიქტორ ოსიმენის გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევროა. აქედან გამომდინარე „ნაპოლი“ მას სულ მცირე 100 მილიონად მაინც გაყიდის და კლუბს ზირკზეს შესაძენად საკმარისი ფინანსები ექნება. Repubblica ასევე წერს, რომ დე ლაურენტისს ნიდერლანდელი ფორვარდი ძალიან მოსწონს.
ნეაპოლელები ზირკზეს გარდა ვიქტორ ბონიფეისისა (ლევერკუზენი) და ჯონათან დევიდის (ლილი) ვარიანტებსაც განიხილავს.
აქვე გეტყვით, რომ ზირკზემ სერია A-ს მიმდინარე სეზონში „ბოლონიას“ რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.