კორმიე: „ილია კონორ მაკგრეგორს მახსენებს, მას ბევრი სუსტი წერტილი არ აქვს“
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, დანიელ კორმიემ ილია თოფურიაზე ისაუბრა. „დისის“ „ელ მატადორი“ კონორ მაკგრეგორს აგონებს, რომელიც ჟოზე ალდოსთან ჩხუბამდე, საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.
„ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ალექსანდრ ვოლკანოვსკის ძალიან მაგარი მებრძოლები ჩვეულებრივ მებრძოლებად წარმოუჩენია, მაგრამ თოფურიას აქვს რაღაც, რის გამოც, ხალხს უჩნდება შეგრძნება, რომ ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონისთვის ძალიან სახიფათო მეტოქეა. ასევე, საინტერესოა, ისლამ მახაჩევთან გამართული ბრძოლების შემდეგ, ვოლკანოვსკი როგორ ფორმაში იქნება. ბევრი ამბობს, რომ ალექსი სწრაფად ბრუნდება და ჰგონიათ, რომ მახაჩევის ნოკაუტი მასზე გავლენას მოახდენს. მე რომ მკითხოთ, ვფიქრობ, ვოლკანოვსკი იგივე მებრძოლი იქნება და ისლამთან წაგება მასზე არ იმოქმედებს, მაგრამ საკითხავია, საკმარისია თუ არა იგივე ვოლკი ილიას დასამარცხებლად, რომელსაც ბევრი სუსტი წერტილი ნამდვილად არ აქვს.
თოფურია მაგონებს კონორ მაკგრეგორს, რომელსაც ჟოზე ალდოსთან უნდა ეჩხუბა. მაკგრეგორი გვეუბნებოდა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო და ისეთ შთაბეჭდილებას გვიტოვებდა, ვხვდებოდით, ეს რომ მომხდარიყო, გახდებოდა ვარსკვლავი, რომლის მსგავსიც UFC-ს არასდროს ენახა. როცა მაკგრეგორმა მოიგო, მთვარეზე აღმოჩნდა. ვფიქრობ, ილია მსგავსი აღმასვლისთვის ემზადება და თუ პირობა შეასრულა, იგივე წარმატება ექნება.
თოფურია არის მებრძოლი, რომელსაც სურს, საკუთარი თავი წნეხის ქვეშ მოაქციოს. ამ ბიჭმა თქვა, რომ ჩემპიონობაზე ფილმს იღებს, რომელსაც UFC 298-ის შემდეგ გამოუშვებს. ამ ბიჭმა, ინსტაგრამზე დაწერა, რომ მისი ბალანსი უკვე 15:0-ზეა და არა 14:0-ზე. ამ ბიჭმა განაცხადა, რომ რეალის სტადიონზე, სანტიაგო ბერნაბეუზე კონორთან ჩხუბი უნდა. ამ ბიჭმა თქვა, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკი მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. მებრძოლთა უმრავლესობას არ მოსწონს, როცა წნეხის ქვეშ იმყოფება, ილია კი განსხვავებულია და პირიქით იქცევა“.
ცნობისთვის, ჟოზე ალდო ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი იყო, რომელიც 2015 წლის 12 დეკემბერს, მაკგრეგორმა 13 წამში დაანოკაუტა.