ხვიჩა კვარაცხელია, ვილი სანიოლი, ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

დემჩენკო: სანიოლის დაცვითი ფეხბურთი არ მომწონს, უკრაინა ფავორიტია

ბათუმის „დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ, უკრაინულ ukrfootball-ს ინტერვიუ მისცა და ერთა ლიგის წილისყრის შესახებ ესაუბრა, სადაც B1 ჯგუფში საქართველო და უკრაინა ერთად მოხვდნენ.

ანდრეი ანატოლიევიჩ, როგორ შეაფასებთ ერთა ლიგის წილისყრას უკრაინისთვის? რა შანსები გვაქვს ელიტარულ დივიზიონში მოხვედრისთვის?

„ღირსეული ჯგუფია, ყველა თანაბარი გუნდით. ალბანელებს, ჩეხებს და ქართველებს შეუძლიათ სიურპრიზი შემოგვთავაზონ. მაგრამ ჩემთვის ფავორიტი უკრაინაა. კარგი მწვრთნელი გვყავს და იმედი მაქვს, რომ რებროვთან ერთად გუნდი წინ წავა. უკრაინის ნაკრებში ახლა ახალგაზრდებისა და გამოცდილების კარგი ნაზავია“.

- სხვა გუნდებზე რას იტყვით?

„ვფიქრობ, ყველაზე არასასიამოვნო მეტოქე ჩეხეთი იქნება, კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ალბანელები - „რქებიანი გუნდია", ერთი სიტყვით, ნამდვილი კაცები არიან - ბოლომდე იბრძვიან. საქართველოს ჩამოწერაც არ შეიძლება. ყველა მეტოქეს პატივი უნდა სცე, მაგრამ უკრაინელი ფეხბურთელების კლასი ამ ჯგუფში ყველაზე მაღალია“.

- მეოთხე კალათიდან საქართველოს გარდა თურქეთი, საბერძნეთი და ყაზახეთი შეიძლება შეგვხვედროდა. საქართველო საუკეთესო ვარიანტი იყო?

„თურქეთი ამ სიაში ცალკე დგას, მეოთხე კალათიდან უძლიერესი გუნდია. ბათუმი თურქეთის გვერდით მდებარეობს, ზოგჯერ სუპერლიგის მატჩების ყურებას ვახერხებ და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძლიერი ჩემპიონატია. იქ მივიდნენ კვალიფიციური უცხოელი სპეციალისტები და ლეგიონერები და ადგილობრივი მოთამაშეების დონემ სწრაფად დაიწყო ზრდა

საქართველო, საბერძნეთი, ყაზახეთი დაახლოებით ერთი დონის გუნდებია. ყაზახეთი ახლა მაღლა დგას, არც ეს გუნდია საჩუქარი. მოვიდა ახალი მწვრთნელი და აჟიოტაჟი გამოიწვია. ევროს შერჩევაში ბევრი გააკვირვეს“.

- საქართველოს ნაკრებზე გვიამბეთ, როგორ თამაშობს ეს გუნდი?

„პირადად მე არ მომწონს ის დაცვითი ფეხბურთი, რომელსაც ვილი სანიოლი გუნდს ათამაშებს. პირველივე დღეებიდან თავდაცვითი სქემა აირჩია - 5-4-1 თუ 5-3-2. სანიოლი ამას იმით ამტკიცებს, რომ მას არ ჰყავს სწრაფი მოთამაშეები და ასაკში შესრული ცენტრალური მცველები ჰყავს.

მაგრამ საქართველოს ნაკრების შემტევი პოტენციალი ძალიან ძლიერია, წინ შესანიშნავი ბიჭები თამაშობენ, ამიტომ არ მომწონს, რომ სანიოლი ყრუ დაცვიდან თამაშს ირჩევს. უკრაინის ნაკრებს ქართველებთან თამაში და მათი დამარცხება შეუძლია“.

- გამოდის, მეტოქის დატვირთული დაცვის გატეხა მოგვიწევს?

„ზუსტად. საქართველო თავის საჯარიმოში ჩაჯდება, თავისუფალ ზონებს დახურავს, პოზიციური თამაში იქნება. ჩვენ გვყავს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ერთი-ერთზე თამაში, ამიტომ ვფიქრობ, საქართველო ბევრ პრობლემას ვერ შეგვიქმნის. მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მეტოქეს პატივი უნდა სცე და მატჩისთვის კარგად მოემზადო“.

- საქართველოს ნაკრების მოთამაშეებიდან რომელს გამოარჩევ, ვისი უნდა გვეშინოდეს?

„საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ნაპოლის კვარაცხელიაა. ასევე მინდა აღვნიშნო დავითაშვილი ბორდოდან, მიქაუტაძე, რომელიც მეცში აიაქსიდან იჯარით თამაშობს. არიან ასევე კარგი ფლანგის მოთამაშეები და განაპირა მცველებიც. მაგალითად, შახტარიდან აზაროვი და გოჩოლეიშვილი“.

- რა არის ამ საქართველოს ნაკრების სუსტი წერტილი?

„ეს ორი გამოცდილი ცენტრალური მცველია - კვერკველია და კაშია. ისინი ასაკში მყოფი ბიჭები არიან, 30 წელზე მეტის არიან და არ აქვთ მაღალი სისწრაფე. ჩვენმა გუნდმა ამით უნდა ისარგებლოს.

წიტაიშვილი კი ბევრ სათამაშო პრაქტიკას იღებს, შეიძლება ითქვას, ბატარეა იტენება და უბრუნდება ძველ მდგომარეობას".

- რატომ არ გამოიძახეს წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში ბოლო მატჩებში?

„არ ვიცი. იქნებ უფრო ძლიერი ფეხბურთელები იყვნენ, ან წიტაიშვილმა არ მოახდინა შთაბეჭდილება მთავარ მწვრთნელზე. მაგრამ გიო კარგად მუშაობს ჩემს გუნდში, მე კმაყოფილი ვარ მისით“.

- განაცხადა დემჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2024/25 წლების ერთა ლიგას 7 სექტემბერს შინ ჩეხეთთან მატჩით დაიწყებს. სრული კალენდარი ასეთია:

7 სექტემბერი, საქართველო - ჩეხეთი

10 სექტემბერი, ალბანეთი - საქართველო

11 ოქტომბერი, უკრაინა - საქართველო

14 ოქტომბერი, საქართველო - ალბანეთი

16 ნოემბერი, საქართველო - უკრაინა

19 ნოემბერი, ჩეხეთი - საქართველო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენად მართალია, რომ მარადონამ სერია A მარტომ მოიგო?
რამდენად მართალია, რომ მარადონამ სერია A მარტომ მოიგო?