გოჩოლეიშვილის გოლი - შახტარმა თურქმენეთის ჩემპიონი დაამარცხა
დონეცკის „შახტარი“ თურქულ შეკრებაზე იმყოფება, სადაც თურქმენეთის ჩემპიონთან „არკადაგისთან“ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება გაიფორმა - 4:1.
რაც შეეხებათ ქართველ ლეგიონერებს, სასტარტოში იმყოფებოდნენ და შეუცვლელად ითამაშეს გიორგი გოჩოლეიშვილმა და ლუკა ლაცაბიძემ.
გოჩოლეიშვილმა 37-ე წუთზე პენალტის გატანა შეძლო და ანგარიში 2:0 გახადა.
ლაცაბიძე, რომელიც დონეცკელთა ახალწვეულია, პირველი ნახევარი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა, მეორე ტაიმში კი მწვრთნელმა ცენტრში გამოიყენა. გოჩოლეიშვილმა კი შეხვედრა ნახევარმცველის პოზიციაზე ჩაატარა.
„შახტარი“ დღეს პოლონეთის „ლეხიას“ დაუპირისპირდება. მატჩი 18:30 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრაში მონაწილეობას ირაკლი აზაროვიც მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ „შახტარი“ 15 თებერვლას ევროპა ლიგის პლეი-ოფში ჰამბურგში „მარსელს“ უმასპინძლებს.