„ფულით ოცნებებსა და სპორტულ მიღწევებს ვერ იყიდი“ | ჩეფერინი სუპერ ლიგაზე
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა სუპერ ლიგის პროექტზე ისაუბრა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პირველი პირის თქმით, ფულით ისტორიის ყიდვა შეუძლებელია და ჩეფერინმა სუპერ ლიგა ფიფქიას ვაშლს შეადარა.
„ფეხბურთი არის სახეობა, რომელშიც ევროპას მოწინავე პოზიცია უკავია. უნდა ვიამაყოთ, რომ ჩვენი წარმატება ერთიან მოდელზე, სოლიდარობასა და აღზევება/დაქვეითებაზეა დაფუძნებული. ეს მოდელი არა მხოლოდ უეფამ, არამედ ყველამ უნდა დაიცვას.
არიან ადამიანები, რომლებიც მის განადგურებას ცდილობენ და თავს გვაჩვენებენ, თითქოს ფეხბურთის გადარჩენა უნდათ. არადა, რეალურად, მას საფლავს უთხრიან. ისინი მტაცებლები არიან, ჩაკეტილ წრეს ქმნიან და აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე არაფერი იციან. ფეხბურთი ევროპის ერთ-ერთი სიმბოლოა და მხოლოდ ერთიანობა გადაგვარჩენს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ბალანსს და თითოეულ კლუბს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს იმ ტურნირში, რომელშიც მოისურვებს. ისინი ისახავენ გეგმებს, რომლებიც მეტი ფულის შოვნაზე, ძალაუფლების მიღებაზე და პრესტიჟის მოპოვებაზეა დაფუძნებული. მათ ყოველთვის მეტი და მეტი სურთ და უნდათ უფრო და უფრო მაღლა ავიდნენ. სუპერ ლიგა ფიფქიას ვაშლს წააგავს, მაგრამ ოცნებებსა და სპორტულ დამსახურებებს ფულით ვერ იყიდი. ფულით ვერ იყიდი ისტორიას. ჩვენ 70-წლიანი ისტორია გვაქვს და წინ კიდევ ბევრი რამ გველოდება. მომდევნო სეზონში, ევროტურნირებზე ახალი ფორმატი დაინერგება. უფრო მეტი თამაში, ბევრად თანაბარი ასპარეზი, მეტი ფული... საოცარი 70 წელი გვქონდა და წინ უფრო მეტი გველოდება“.
შეგახსენებთ, რომ ევროპის სასამართლომ სასამართლომ FIFA და UEFA დამნაშავედ ცნო და გამოიტანა ვერდიქტი, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა კონკურენციის კანონის საწინააღმდეგოდ იმოქმედეს, როდესაც 2021 წელს ევროპის სუპერ ლიგის ფორმირების იდეა დაბლოკეს და ახალ ტურნირში გაწევრიანებულ გუნდებს სანქციებით დაემუქრნენ. შესაბამისად, ამ გუნდებს შეუძლიათ სუპერ ლიგა ხელახლა შექმნან.