ომალის მწვრთნელი: „სეხუდოს შეუძლია მერაბის ძლიერი მხარეები გაანეიტრალოს“
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, შონ ომალის მწვრთნელი, ტიმ უელჩი არიელ ჰელვანის გადაცემის, The MMA Hour-ის სტუმარი იყო. უელჩმა მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ „მანქანამ“ „ტრიპელ სის“ მოუგო, სატიტულო ბრძოლას მიიღებს.
„კორი სენდჰეგენთან აუცილებლად ვიჩხუბებთ. მერაბ დვალიშვილთან აუცილებლად ვიჩხუბებთ. თუ მერაბმა ჰენრი სეხუდოს მოუგო, მასთან აუცილებლად ვიჩხუბებთ. ომალის ყველაზე საინტერესო და გაყიდვადი ბრძოლების გამართვა სურს და ვნახოთ, რა მოხდება.
ვინ გაიმარჯვებს, მერაბი თუ სეხუდო? არჩევანის გაკეთება მიჭირს. ახლახან, სეხუდოს ვიდეო შემხვდა, რომელშიც ამბობს, რომ მარცხის შემთხვევაში, კარიერის დასრულებას აპირებს. ალბათ, ჰენრი აღარაა სპორტსმენი, რომელიც ოდესღაც იყო და ისე ვეღარ ვარჯიშობს, როგორც ამას ადრე აკეთებდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ შეუძლია, მერაბის ძლიერი მხარეები გაანეიტრალოს.
დვალიშვილს მეტოქეების ღობესთან მიყვანა და დარტყმების განხორციელება უყვარს, სეხუდოს შეუძლია, მას ამის უფლება არ მისცეს და ჩხუბი ოქტაგონის ცენტრში წარმართოს. ჰენრის უფრო ტექნიკური კრივი აქვს, მაგრამ საინტერესოა, დვალიშვილის ტემპს როგორ გაუმკლავდება. მერაბი მეტოქეებს პირველივე წუთიდან მაღალ ტემპს სთავაზობს და ვფიქრობ, საინტერესო ჩხუბი გველოდება. ვაპირებთ, ღონისძიებას დავესწროთ და მათ ბრძოლას ვუყუროთ“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ჩხუბი UFC 298-ის ფარგლებში გაიმართება, რომლის მთავარი მოვლენაც ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის სატიტულო დაპირისპირებაა.