დანი ალვეშის სასამართლო პროცესი დასრულდა | ვერდიქტი რამდენიმე კვირაში იქნება
„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელის, დანი ალვეშის სასამართლო პროცესი დასრულდა. 40 წლის ბრაზილიელს ბრალად გაუპატიურებას სდებენ და დაზარალებულის ადვოკატმა მისთვის მაქსიმალური სასჯელის შეფარდება მოითხოვა, რაც 12-წლიან პატიმრობას გულისხმობს.
სასამართლო პროცესზე ჩვენება დაახლოებით ოცმამ მოწმემ მისცა. მათ შორის ალვეშის მეგობარიც იყო, რომელიც მას ღამის კლუბში ახლდა. მისი თქმით, ბრაზილიელ ფეხბურთელს, ღამის კლუბში წასვლამდე, დიდი ოდენობით ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული. სასამართლოს წინაშე წარდგა ფსიქოლოგიც, რომელიც ალვეშის მსხვერპლს მკურნალობს და განაცხადა, რომ დაზარალებულს პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა აქვს.
საინტერესოა, რომ პროცესის ბოლოს, პროკურატურამ მოითხოვა, ალვეში პატიმრობაში დარჩეს, რადგან არსებობს რისკი, რომ გაქცევა სცადოს და ქვეყნის ტერიტორია დატოვოს. ბრაზილიელი ფეხბურთელის ადვოკატი ითხოვს, დანის პასპორტები ჩამოართვან, მაგრამ ვერდიქტის გამოტანამდე, რომელიც რამდენიმე კვირაში იქნება, გაათავისუფლონ.
შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული, მომჩივანი კი 23 წლის გოგონაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ფეხბურთელმა ის ბარსელონას ერთ-ერთი ღამის კლუბის საპირფარეშოში გააუპატიურა.