თოფურია: „ვოლკანოვსკის მხარეს მხოლოდ ერთი რამაა, ჩემთვის იდეალური სტილი აქვს“
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ MMA-ის ცნობილ ჟურნალისტს, კევინ აიოლის ინტერვიუ მისცა. „ელ მატადორმა“ ახსნა, ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გამარჯვებაში დარწმუნებული რატომაა და განაცხადა, რომ „ვოლკს“ იდეალური სტილი აქვს, რათა პირველ რაუნდში დაანოკაუტოს.
„ეჭვი არ მეპარება, რომ საჩემპიონო ქამარს დავისაკუთრებ. ეს ჩემი ბედისწერაა. მიმაჩნია, რომ ვოლკანოვსკიზე უკეთესი მებრძოლი ვარ და სტრაიკინგში, გრეპლინგსა და ჭიდაობაში მასზე მაღლა ვდგავარ. გამოცდილება ერთადერთი რამაა, რაც მის მხარესაა, მაგრამ მეც დიდი გამოცდილება მაქვს და ოქტაგონზე ძალიან მშვიდი ვარ. შემიძლია, ჩხუბისას მეტოქის ყველა მოქმედება გავაანალიზო და ვოლკანოვსკის წინ ედგება ჭკვიანი მებრძოლი, რომელიც მისთვის რთული მოწინააღმდეგე იქნება.
რა გავლენა ექნება ალექსის აღნაგობას? ჩემთვის დაბალი ბიჭების წინააღმდეგ ჩხუბი უფრო კომფორტულია. ჩემზე დაბალ მეტოქეებს იშვიათად ვხვდები, მაგრამ როცა ეს ხდება, თავს ძალიან, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ვოლკანოვსკის იდეალური სტილი აქვს, იმისთვის, რომ პირველ რაუნდში დავანოკაუტო.
ვისთან დავიცავ ტიტულს პირველად? ამ მომენტისთვის, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში საშინელი ვითარებაა და ქამრის რეალურ პრეტენდენტს ვერ ვხედავ. ვოლკანოვსკიმ ტოპ 5-ის წევრი ყველა მებრძოლი დაამარცხა და მათთან ჩხუბს აზრი არ აქვს. მომიწევს, ნამდვილ პრეტენდენტს დაველოდო და ვნახოთ, რა მოხდება. ალექსთან ჩხუბის შემდეგ, ყველა ჩემზე ილაპარაკებს და ყველას ჩემთან ბრძოლა მოუნდება, რადგან მიხვდებიან, დიდ ფულს იშოვიან. ვოლკანოვსკის შემდეგ, კონორ მაკრეგორთან ბრძოლა მინდა”.
ცნობისთვის, ვოლკანოვსკისა და თოფურიას დაპირისპირება UFC 298-ის მთავარი მოვლენაა. ამავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება.