ფუტსალი: ლამაზი გოლები - საქართველომ რუმინეთს 4:2 მოუგო
ფუტსალში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის მეორე შეხვედრა გამართა და ამჯერადაც რუმინეთს დაუპირისპირდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გუშინ რუმინელებს 4:2 მოუგო, მატჩი ამჯერად ქართველების გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
პირველი ტაიმი ქართველმა ფეხბურთელებმა 2:1 მოიგეს. რუმინელები იშტვან ჰოდნოდმა დააწინაურა. მალევე გიორგი ჩიმაკაძემ ულამაზესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ჯანიკო გიორგაიამ კი საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა.
პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა და საკმაო რაოდენობის მომენტებიც შექმნა. ჯამში კი ტაიმი დამსახურებულად მოიგო.
მეორე ტაიმის დასაწყისში რონინიოს პასის შემდეგ, გიორგი ღავთაძემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს, თუმცა მალევე გუნდის კაპიტანმა ირაკლი თოდუამ ეფექტური მოქმედებითა და უძლიერესი დარტყმით ანგარიში 4:2 გახადა. ეს კი საბოლოო ანგარიში აღმოჩნდა. გუნდებმა მომენტები ამის შემდეგაც შექმნეს, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.
მასალაში გამოყენებულია სფფ-ის პრესსამსახურის ფოტო