ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, რუდი გარსია
Aa
Aa

კვარა, სპალეტი, გარსია | აურელიო დე ლაურენტისის პრესკონფერენცია

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა პრესკონფერენცია გამართა და ბევრ თემაზე ისაუბრა. „პარტენოპეის“ პირველმა პირმა ლუჩანო სპალეტის კონტრაქტზე გაამახვილა ყურადღება და „კვარაც“ ახსენა.

„დეკემბერში, მონცასთან გამართული მატჩის შემდეგ, გითხარით, რომ სპალეტის წასვლა მხოლოდ ჩემი ბრალი იყო და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ლუჩანოს რაფა ბენიტესის მსგავსი ხელშეკრულება ჰქონდა და არსებობდა საბოლოო ვადა, რომლის დადგომამდეც, კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივება შემეძლო. 2023 წლის მარტში გუნდს ჩავარდნა დაეწყო. მაშინ ნაპოლის ვარსკვლავი კვარაცხელია იყო, რომელმაც მარტიდან ნოემბრამდე გოლი ვერ გაიტანა და ვარსკვლავის რეგრესს შეუძლია, გუნდს პრობლემები შეუქმნას. იმ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილში დიდი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი წარუმატებლობის გამო, იმედი გამიცრუვდა. მეგონა, რომ ლიგის მოგება შეგვეძლო, რაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშსა და 100 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განაპირობებდა.

ჩემპიონთა ლიგაზე, მილანთან წაგების შემდეგ, გადავწყვიტე სპალეტის განწყობა ამემაღლებინა და 21 აპრილს კონტრაქტის ოფიციალურად გახანგრძლივების წერილი გავუგზავნე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ 12 მაისს გამართულ შეხვედრაზე პაუზის აღების სურვილს დააფიქსირებდა. ჩემი შეცდომა მისდამი მადლიერების გამო, მისი თხოვნის დაკმაყოფილება იყო. სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი, სასამართლოში აღმოვჩნდებოდით, მაგრამ ფაქტია, სიმკაცრე უნდა გამომეჩინა. როცა სკუდეტო გაქვს მოგებული და ამბობ, რომ გუნდი გიყვარს, ყველაფერი ასე მარტივად არ უნდა გაცვალო.

ბევრ თქვენგანს აინტერესებს, რატომ დავიწყე მთავარი მწვრთნელის ძიება გვიან. როცა თავკაცს ეძებ, შეიძლება გამოჩნდნენ კანდიდატები, რომლებიც შენი გუნდის ჩაბარებით დაინტერესებული არ არიან. გარდა ამისა, მინდოდა, სპალეტი შემენარჩუნებინა, რადგან ამის უფლება მქონდა. რუდი გარსიას შანსები მივეცი და იმ შემთხვევებში, როცა მომისმინა, მაგალითად ლეჩესთან, წარმატებას მივაღწიეთ. რატომ გავუშვი? ემპოლისთან მატჩისას, გასახდელში ჩავედი და ვუთხარი, რომ არასწორ ფეხბურთს თამაშობდა და ასე არ უნდა ეთამაშა, რაზეც მიპასუხა, რომ თავი დამენებებინა. ამის შემდეგ, ან უნდა გამეშვა ან დუმილი შემენარჩუნებინა. შესვენებაზე ვკითხე: „რა ჯანდაბა გინდა? გინდა გაგაგდო?“, ამის შემდეგ კი მოხდა, რაც მოხდა. ეს წყეული ემპოლი ყოველთვის პრობლემებს გვიქმნის“.

ცნობისთვის, 23 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. ვალტერ მაცარის გუნდს მომდევნო შეხვედრა 11 თებერვალს, სტუმრად „მილანთან“ ელის. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამის გამო მისი გოლი უფრო ლამაზი გამოვიდა“ | ბალოტელიმ ხვიჩა შეაქო
„ამის გამო მისი გოლი უფრო ლამაზი გამოვიდა“ | ბალოტელიმ ხვიჩა შეაქო