მერაბი გაიმარჯვებს თუ სეხუდო? | როგორია შონ ომალის პროგნოზი
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ჩხუბზე ისაუბრა. „შუგამ“ პროგნოზი გააკეთა და ქართველი მებრძოლის გამარჯვება ივარაუდა.
„ჰენრისა და მერაბის ჩხუბი ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს. ვფიქრობ, დაძაბული ბრძოლა იქნება და დვალიშვილი გაიმარჯვებს. ჩემი აზრით, მოგება მას უფრო მეტად უნდა, სეხუდო კი გაკოტრებულია, ფული აღარ აქვს, არ იცის, რა გააკეთოს და ამიტომ ჩხუბობს. გამომდინარე აქედან, მერაბის გამარჯვება მგონია“.
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და სეხუდოს ბრძოლა UFC 298-ზე გაიმართება და 3-რაუნდიანი იქნება. თბილისის დროით, 18 თებერვალს ჩანიშნული ღონისძიების მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის სატიტულო დაპირისპირებაა.
გეტყვით იმასაც, რომ სეხუდო UFC-ის ისტორიაში ის მეოთხე მებრძოლია, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთდროულად ორ წონით დივიზიონში ფლობდა. ბოლოს მან მერაბის ახლო მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.