გიორგი ხარაიშვილი, ქოჯაელისპორი
Aa
Aa

ხარაიშვილის ახალი კლუბი ცნობილია - კარიერას თურქეთში გააგრძელებს

„ფერენცვაროშის’’ ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა „ფერენცვაროში'' დატოვა და კარიერას თურქეთის რანგით მეორე ლიგის „ქოჯაელში’’ გააგრძელებს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებს შორის 1,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომლის დასრულების შემდეგ მხარეებს თანამშრომლობის გახანგრძლივება 1 წლით შეუძლიათ.

„ქოჯაელში,’’ რომელიც სუპერლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის, გიორგი ბერიძე თამაშობს. ასე რომ ხარაიშვილს ახალ გუნდში ქართველი ფეხბურთელი დახვდება, რაც ცხადია ადაპტაციისთვის პოზიტიური ფაქტორია.

რომ არა მძიმე ტრავმები, დღეს გიორგი ხარაიშვილი მისი პოტენციალიდან გამომდინარე სხვა სიმაღლეზე იქნებოდა, თუმცა „გიოტებორგიდან'' „ფერენცვაროშში'' გადასვლის შემდეგ ტრავმებმა შესაძლებლობების გამოვლენაში ხელი შეუშალა. 2021 წლის ზამთარში უნგრულ კლუბში გადავიდა, „ფერენცვაროშმა'' გასულ წელს თბილისის „დინამოში'' გაანათხოვრა, ახლა კი „ფერენცვაროში'' დატოვა და კარიერა თურქულ კლუბს დაუკავშირა.

ამ ეტაპზე „ქოჯაელი'' რანგით მეორე ლიგაში მესამე ადგილზეა, გასულ ტურში გიორგი ბერიძის გოლით „ადანასპორი'' დაამარცხა (იხილეთ ვიდეო).

27 წლის გიორგი ხარაიშვილს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩში 1 გოლი შეაგდო.

მოგვიანებით ხარაიშვილის ტრანსფერი კლუბმა და ფეხბურთელის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები