ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მაგიური ცისარტყელა“ | Corriere dello Sport-ი და Gazzetta ხვიჩას გოლზე

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ვერონას“ დაუპირისპირდა. „პარტენოპეიმ“ 2:1 იმარჯვა და გადამწყვეტი გოლი ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა, რომელმაც 87-ე წუთზე საოცარი გასროლა შემოგვთავაზა. „კვარას“ შედევრი იტალიურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მასზე, დღევანდელ ნომრებში, Corriere dello Sport-მა და Gazzetta dello Sport-მა დაწერეს.

„კოშმარში აღმოჩენილი ნაპოლი და ოცნების ფეხბურთელი, რომელმაც მატჩის ბედის გადაწყვეტა საკუთარ თავზე აიღო და ცისარტყელა დახატა. ვის ჰყავს მეორე ხვიჩა კვარაცხელია? ვის ჰყავს ტალანტი, რომელიც თავისი წონა ოქრო ღირს? მომენტში, როცა რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი დასრულებული იყო და ახალი პროექტისა და სეზონის ჩაგდების გამო, წყვდიადში აღმოჩენა გარანტირებული გახლდათ, ფეხბურთის ღმერთმა გენიოსი და განსაკუთრებული მოთამაშე შთააგონა. როცა კვარაცხელია მოედანზეა, დასრულებული არასდროს არაფერია და გამონაკლისი არც ვერონასთან გამართული შეხვედრა იყო. საოცარი, ოსტატური და გაბედული თამაში და ქართულად ჩახვეული ფინიში დაახლოებით ოცი მეტრიდან, რომელიც კომეტას წააგავდა. ფენომენალური და ბედნიერი ხვიჩა“, - წერს Corriere dello Sport-ი.

„მაგიური ცისარტყელა მაღალ კუთხეში. კვარაცხელიას მხრიდან მსოფლიო დონის თამაშის ჩვენება აღმოჩნდა საჭირო, რათა მის გუნდს განედევნა კრიზისი და მოჩვენებები სეზონისა, რომელიც კინაღამ თებერვლის დასაწყისში დასრულდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ნაპოლის კიდევ ერთი ცუდი დღე ელოდა, მაგრამ კვარამ გუნდი ჯოჯოხეთიდან ამოათრია და მარადონა ააფეთქა“, - წერს Gazzetta dello Sport-ი.

ცნობისთვის, 23 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. ვალტერ მაცარის გუნდს მომდევნო შეხვედრა 11 თებერვალს, სტუმრად „მილანთან“ ელის. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიაზე 100%-ანი პენალტი იყო!“ | იტალიაში ნაპოლი-ვერონას მსაჯი გააკრიტიკეს
„კვარაცხელიაზე 100%-ანი პენალტი იყო!“ | იტალიაში ნაპოლი-ვერონას მსაჯი გააკრიტიკეს