ისევ როტაციის მიღმა | ბითაძე ბოლოადგილოსან დეტროიტთანაც არ ათამაშეს
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. „სან ანტონიოსა“ და „მინესოტას“ შემდეგ, ფლორიდელები სტუმრად აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლოადგილოსანს, „დეტროიტ პისტონსს“ დაუპირისპირდნენ და 111:99 იმარჯვეს.
ქართველ ცენტრს სათამაშო დრო არც ამ შეხვედრაში მიეცა და გოგამ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ბითაძეს „ორლანდოს“ ბოლო 6 შეხვედრაში მხოლოდ 2 წუთი აქვს ნათამაშები და მის ნაცვლად პარკეტზე უენდელ კარტერ ჯუნიორი და მორიტც ვაგნერი გადიან.
„დეტროიტთან“ შეხვედრაში კარტერ ჯუნიორმა 27 წუთი ითამაშა და მის ანგარიშზე 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაა. მორიტც ვაგნერს 10 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი ჰქონდა, „ორლანდოს“ მაისურით ყველაზე მეტი ქულა კი ფრანც ვაგნერმა ჩააგდო - 38 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი. „პისტონსის“ მხრიდან 18-18 ქულით კეიდ კანინგემი და ჯეიდენ აივი გამოირჩნენ.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 27 მოგება და 23 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 გახლავთ. „მეჯიქის“ მომდევნო გაჩერება „მაიამი ჰიტია“, რომელსაც 7 თებერვალს სტუმრად დაუპირისპირდება.