კოკერილმა მოგებით დაიწყო | ბორჯღალოსნებმა გერმანიას 11 ქულით აჯობეს
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ტიტულის დაცვა წარმატებით დაიწყო. „ბორჯღალოსნებმა“, რიჩარდ კოკერილისთვის სადებიუტო მატჩში, გერმანიის ქალაქ დესაუში ადგილობრივ ნაკრებს 11-ქულიანი სხვაობით აჯობეს.
მატჩი ქართველი მორაგბეების ტექნიკური ლელოთი დაიწყო, შემდეგ კი გერმანელებიც გამოფხიზლდნენ, ლელო-გარდასახვა მიითვალეს, რასაც ჯარიმაც მიაყოლეს და წინაც კარგა ხანს იყვნენ, მაგრამ ბოლომდე ვერ გაძლეს. ტაიმის დამატებულ წუთებზე, ილია სპანდერაშვილმა ლელო დადო, რასაც ლუკა მატკავას გარდასახვა მოჰყვა - 14:10.
მეორე ნახევარში ჩვენების უპირატესობა გამოიკვეთა. მერაბ შარიქაძისა და მირიან მოდებაძის ლელოები მატკავამ გარდასახა, რამაც ანგარიშში სხვაობა 18-ქულიანი გახადა და გამარჯვებულის ბედიც პრაქტიკულად გადაწყდა. დარჩენილ დროში მეტოქემ მხოლოდ ერთი ლელო-გარდასახვა მოასწრო - 28:17.
ამრიგად, რიჩარდ კოკერილის ბიჭებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი გათამაშება მოგებით დაიწყეს და მომდევნო მატჩისთვის მოემზადებიან. 10 თებერვალს, თბილისში ჩამოდის ნიდერლანდების ნაკრები, რომელსაც ბოლო 3-წლიან ინტერვალში სამივე ურთიერთშეხვედრაში დიდი სხვაობით მოვუგეთ.