ჩავი: მსაჯი უკიდურესად უსამართლოდ მოიქცა, ამას გავასაჩივრებთ
ლა ლიგის 23-ე ტურში „ბარსელონამ“ „ალავესთან“ სტუმრად 3:1 მოიგო, თუმცა მატჩი ხმაურიანი გამოდგა და ეს ყველაფერი 72-ე წუთზე მომხდარი ინციდენტიდან გამომდინარეობს, როცა არბიტრმა მოედნიდან ვიტორ როკე გააძევა.
18 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წუთში გოლი გაიტანა და ასევე 2 ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო, თუმცა მეორე აშკარად საკამათო იყო.
როკეს წინააღმდეგ იუხეშეს, ბრაზილიელმა მეტოქეს თავი აარიდა და მას გადაახტა, რა დროსაც არბიტრმა ჩათვალა, რომ ფეხბურთელმა „ალავესის“ მცველს ფეხი განზრახ გააყოლა, რაც რბილად, რომ ვთქვათ არბიტრს აშკარად „მოეჩვენა“.
???? Vitor Roque got Red Card because of this ????pic.twitter.com/e5S9IdUZ0y
— KinG £ (@xKGx__) February 3, 2024
ამ ყველაფერს მწვავედ გამოეხმაურა ჩავი, რომელმაც პრესკონფერენციაზე ლა ლიგას და არბიტრებს პირდაპირ შეუტია.
„ეს არის მსაჯის კიდევ ერთი შეცდომა, რომელიც ჩვენს საწინააღმდეგოდ მოხდა. ვიტორი არის ბომბარდირი, გოლის ავტორი და ის გვაძლევს სიღრმეს. მისი გაძევება უკიდურესად უსამართლოა. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ.
ეს შეცდომა იყო, თქვენ თვითონ ნახეთ ყველაფერი. მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ ბრძოლის საშუალება მოგვეცეს. მსაჯებზე საუბარს აღარ ვაპირებ. მან დღეს კიდევ ერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა. ჩვენ ნეგრეირას საქმის ფასს ვიხდით.
არ მინდა ამაზე მეტად საუბარი. თქვენ თვითონ ხედავთ რა ხდება. მეტს აღარაფერს ვიტყვი, თორემ მომკლავენ. კიდევ ერთი შეცდომა, კიდევ ერთი...“,
- განაცხადა ჩავიმ.
„ბარსელონა“ როკეს მეორე ბარათს გაასაჩივრებს, რათა ის გაუქმდეს და მომდევნო ტურში ბრაზილიელმა თამაში შეძლოს, თუმცა რთულად წარმოსადგენია, რომ ლა ლიგამ უკან დაიხიოს და თავისი გადაწყვეტილება შეცვალოს.