„რა საშინელი ბრძოლა იყო... საერთოდ ვინ არიან ისინი?“ - გამოხმაურებები
UFC Fight Night 235-ზე საღამოს მთავარი ბრძოლა რომან დოლიძესა და ნასურდინ იმავოვს შორის შედგა, რომელიც 5 რაუნდის შემდეგ, არბიტრების გადაწყვეტილებით იმავოვმა მოიგო - 49-44, 47-47, 48-46.
მე-4 რაუნდში იმავოვმა დოლიძეს მუხლით აკრძალული დარტყმა მიაყენა, რაც წესებს ეწინააღმდეგება. იყო შანსი, რომ მისთვის ამ ქმედების გამო ტექნიკური წაგება მიეცათ, მაგრამ ასე არ მოხდა.
გულშემატკივრები და არამარტო ისინი, ბრძოლის შემდეგ, არბიტრების გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას აფიქსირებენ. გარდა იმავოვის მუხლით აკრძალული დარტყმისა, მას ბრძოლის დროს თითის თვალში ჩარტყმის მომენტებსაც უწუნებენ, რაც ასევე არასპორტული საქციელია და წარმოშობით დაღესტნელი მებრძოლი ამ ხერხს ხშირად მიმართავს ხოლმე.
ასევე ჭარბად იყვნენ ქომაგები, რომლებმაც ნანახი ბრძოლის შემდეგ, უკმაყოფილება ორივე მხარის მიმართ ჰქონდათ, რადგან შოუს ელემენტები თითქმის ვერ იხილეს.
ბრძოლის გამორჩეული მომენტები
„საერთოდ ვინ არიან ისინი? ან რატომ უნდა ვუყუროთ მათ ბრძოლას? UFC-ი აშკარად შეიცვალა“.
„ბრძოლა არც ერთ რაუნდში არ ყოფილა“.
„დოლიძეს ტექნიკური გამარჯვება უნდა ჩათვლოდა“.
„რა საშინელი ბრძოლა იყო“.
დოლიძისა და იმავოვის ბრძოლას გამოეხმაურა კრის კურტისი, რომელმაც არბიტრები გააკრიტიკა:
„ოთხჯერ თვალში მოხვედრილი თითი, ორჯერ შეჯახება თავით, და ბოლოს არალეგალურად დარტყმული მუხლი... უცნაურ დროში ვცხოვრობთ...“
შეგახსენებთ, რომ იმავოვმა ბოლო ბრძოლა კრის კურტისის წინააღმდეგ გამართა და ბრძოლა No Contest-ად გამოცხადდა, რადგან თავით შეჯახების შემდეგ, კურტისმა ბრძოლა ვერ გააგრძელა.