ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ვოლკანოვსკი: „ილიას თავმდაბალს გავხდი, სახიფათოა, მაგრამ არაფერი გამოუვა“

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ პრესკონფერენცია გამართა. „ვოლკმა“ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ UFC 298-ზე, ილია თოფურიას, ვინც სატიტულო ბრძოლაში მისი მომდევნო მეტოქეა, თავმდაბალს გახდის.

„თოფურია სახიფათო მეტოქეა. მართალია, საკუთარი სტატუსი ტოპ მებრძოლების წინააღმდეგ არ დაუმტკიცებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძლიერი მებრძოლი არაა და ყველაფერი 17 თებერვალს გაირკვევა. რა თქმა უნდა, შეიძლება, გაუმართლოს და ერთი დარტყმით ბრძოლის სცენარი შეცვალოს, მაგრამ ამის გარდა, არანაირი შანსი არ აქვს. ჩემს საბრძოლო ინტელექტში, სიზუსტესა და გამოცდილებაში დარწმუნებული ვარ. ილია ახალგაზრდა და სახიფათო მებრძოლია. მასზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ეს ყველაფერი რამდენიმე კვირაში დასრულდება.

არის თუ არა კონკრეტული კომპონენტი, რომელზეც ვვარჯიშობ? ბრწყინვალე გუნდი მყავს და საბრძოლო გეგმის შემუშავების პროცესში ვართ. ამასთან, ვცდილობ, ყველა კომპონენტი გავაუმჯობესო. არის ასპექტები, რომლებსაც ილიასთან ბრძოლაში სიფრთხილით უნდა მოეკიდო, მაგრამ ვაპირებ, ვაიძულო, ჩემი ჩხუბი იჩხუბოს და ვაჩვენო, რომ დონეებს შორის განსხვავებაა. ილიას ჰგონია, რომ საუკეთესოა, ჩვენი ბრძოლისას კი დაინახავს, რომ დონეებს შორის სხვაობა არსებობს. ჰგონია, რომ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ტოპ მებრძოლია, მაგრამ მაღალი დონის მეტოქეების წინააღმდეგ არც კი უჩხუბია. 17 თებერვალს თავმდაბალს გავხდი, თუმცა შეეძლება, წაგების შემდეგ, ღირსეულად დაბრუნდეს. ილია კარგ გაკვეთილს მიიღებს, თავმდაბალს გავხდი და ერთი სული მაქვს, ამას როდის გავაკეთებ.

არ მგონია, თოფურია ისეთი მაგარი მებრძოლი იყოს, როგორიც თავად ჰგონია, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. ილიას არ უჩვენებია, რომ ისეთი მაგარი მებრძოლია, როგორადაც თავს წარმოგვიდგენს და 17 თებერვალს ვნახავთ, რა შეუძლია. თუ იმ დონეზე არ იმყოფება, რომელზეც ამბობს, რომ არის, კარგ გაკვეთილს მიიღებს და თავმდაბალი გახდება. ჩემი ბოლო ჩხუბისა და მისი დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსის გამო, არიან ადამიანები, რომლებსაც ჩემში ეჭვი ეპარებათ, მაგრამ მათ მალე ვაჩვენებ, სად ვიმყოფები.

ცვლის თუ არა ბოლო ბრძოლა, რომელიც ისლამ მახაჩევთან წავაგე, რამეს? არა. საკუთარი თავის მჯერა და ერთადერთი გზა, რომლითაც ჩემი დამარცხებაა შესაძლებელი, არის შეცდომაზე დაჭერა, რაც ძალიან იშვიათად ხდება. არაფერი შეცვლილა და მთელი ყურადღება მომდევნო ჩხუბზე მაქვს გადატანილი. მოსამზადებელი პერიოდი და ბრძოლისთვის მომზადება უმნიშვნელოვანესია. მახაჩევთან ეს კარგად გამოჩნდა და ამჯერად, იგივე არ მოხდება, რაც ისლამთან მოხდა. ამ ბრძოლის შემდეგ, ისევ დაიწყებენ საუბარს, რომ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ჩემთვის არაფერია დარჩენილი და ორი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მოსაგებად მაღალ წონაში უნდა გადავიდე“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ვოლკანოვსკის ჩხუბი 17 თებერვალს, (თბილისის დროით 18 თებერვალს) გაიმართება და ღონისძიებას ანაჰაიმი უმასპინძლებს. ბრძოლა გამთენიისას, დაახლოებით 7-8 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ყველას წინააღმდეგ - მარტო ამის იმედად ვართ“ - იტალიელი ექსპერტი
„კვარა ყველას წინააღმდეგ - მარტო ამის იმედად ვართ“ - იტალიელი ექსპერტი