რუდიგერიც დაიმტვრა - რეალს ჯანმრთელი მხოლოდ 1 ცენტრალური მცველი დარჩა
ლა ლიგის 22-ე ტურის მატჩი „რეალმა“ ესპანეთის სუპერ თასის გამო გამოტოვა და „ხეტაფეს“ დღეს დაუპირისპირდა. მეტოქის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში კარლო ანჩელოტის გუნდმა დამაჯერებლად 2:0 მოიგო. უფრო დიდი სხვაობითაც გაიმარჯვებდნენ, რომ არა ვინისიუსის უზუსტობები.
ამ შეხვედრაში მადრიდელთათვის ყველაფერი კარგად არ წარმართულა. პირველი ტაიმის მიწურულს „თეთრებმა“ ანტონიო რუდიგერი დაკარგეს. გერმანელმა მცველმა მოედანი დატოვა.
რუდიგერს მეისონ გრინვუდთან შეჯახების შემდეგ მუხლის პრობლემები შეექმნა. გერმანელმა ტაიმი სასტვენამდე ითამაშა და შემდეგ კოჭლობით გასახდელში გავიდა. თან გუნდის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები ახლდნენ.
შესვენებაზე რუდიგერი ედუარდო კამავინგამ შეცვალა და აურელიენ ჩუამენი ცენტრალური მცველის პოზიციაზე გადავიდა.
ამ მომენტისთვის მადრიდელებს ჯანმრთელი ამპლუით ცენტრალური მცველი მხოლოდ ნაჩო რჩებათ. ლაზარეთში რუდიგერთან ერთად მილიტაო და ალაბა იმყოფებიან.
„რეალს“ მომდევნო 2 ტური ურთულესი აქვს: 4 თებერვალს კვირას „ატლეტიკოს“ უმასპინძლებენ, 10 თებერვალს კი ასევე შინ „ჟირონას“.