რიჩარდ კოკერილი
Aa
Aa

ბორჯღალოსნები | კოკერილის პირველი ღია ვარჯიში

რიჩარდ კოკერილის, შონ სოვერბისა და კონორ მაკფილიპსის ხელმძღვანელობით, ბორჯღალოსნებმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე პირველი ღია ვარჯიში გამართეს.

გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი თამაშისთვის ემზადება, რომელსაც 4 თებერვალს, საქართველოს დროით 18 საათზე გერმანიის წინააღმდეგ გამართავს.

საწვრთნელ პროცესში, რომელიც 1,5 საათი გაგრძელდა აქტიურად იყო ჩართული ლადო კილასონია, ასევე ფიზმომზადებისა და ტექნიკური ჯგუფი. მთლიანობაში, ვარჯიში ინტენსიური გამოვიდა და მაქსიმალურად იყო მიახლოვებული სათამაშო სიტუაციას. ორ ნაწილად გაყოფილი ბორჯღალოსნები სხვადასხვა სტატიკური ფაზებიდან ხვეწდნენ კომბინაციებს. რომელი მხარე რა მიმართულებით შეუტევდა ამას მწვრთნელები აკონტროლებდნენ.

მცირე ტრავმების გამო დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ თორნიკე ჯალაღონიას და დავით ნინიაშვილს, რომლებიც დესაუში გასამართ თამაშს გამოტოვებენ.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ რიჩარდ კოკერილი სათითაოდ მიესალმა ყველა ჟურნალისტს და ოპერატორს, მერე კი მათ კითხვებს უპასუხა:

„პირველი სავარჯიშო კვირა კარგად დაიწყო და ეს 4 დღეც სწრაფად გავიდა. ბევრი ვიმუშავეთ დეტალებზე და კვირის თამაშისთვის მზად ვართ. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყოველთვის არის ცვლილებები და გუნდში მრავლად გვყავს დებიუტანტები. არის რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოვიძახეთ. ისინი საფრანგეთში დარჩნენ და ამ უქმეებზე კლუბების შემადგენლობაში ითამაშებენ. მიგვაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. მსურს საქმეში ვიხილო ახალი მოთამაშეები, ზოგიერთი მათგანი ძალიან ახალგაზრდაა, ზოგი შედარებით გამოცდილი და კვირას ვნახავთ ვინ აღმოჩნდება ტესტ-რაგბისთვის უკეთ მომზადებული. თამაში ამ კუთხით ყოველთვის გადამწყვეტია“.

გიორგი კვესელაძე: „ამ ოთხი დღის განმავლობაში ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღეთ. ვფიქრობ, ახალი დეტალები კარგად ავითვისეთ და ყოველდღიურად მათი დამუშავება ხდება. ვეცდებით ახალი სისტემები კარგად გადავიტანოთ თამაშზე და რა გამოგვივა, კვირას გამოჩნდება. დებიუტანტებს ვულოცავ ნაკრეში გამოძახებას. გუნდში ბევრი ახალი სახეა. ისინი მარტივად მოერგნენ ახალ გარემოს, მწვრთნელებს და სრულად არიან ჩართული პროცესში“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უოტფორდში საოცარი გარემოა, ბედნიერი ვარ, რომ ვრჩები“ | ჩაკვეტაძის ინტერვიუ
„უოტფორდში საოცარი გარემოა, ბედნიერი ვარ, რომ ვრჩები“ | ჩაკვეტაძის ინტერვიუ