„მილანელი ტურები სიტუაციის არევას ცდილობენ“ | ალვინო კვარას ახალ კონტრაქტზე
„ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის კომენტატორი და ჟურნალისტი, კარლო ალვინო ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. Calciomercato-მ დაწერა, რომ „პარტენოპეის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი „კვარას“ აგენტს, მამუკა ჯუღელს შეხვდა და ხვიჩასთვის ხელფასის გასამმაგება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. Calciomercato-ს თქმით, კვარაცხელია 7-8 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ალვინომ კატეგორიულად უარყო.
„ტურების აგიტაცია, რომლის მიზანია, ისედაც რთულ პერიოდში, გულშემატკივრები ნაწილებად დაყოს და სიტუაცია არიოს. ინფორმაცია მილანიდან (Calciomercato მილანური გამოცემაა), თითქოს მხარეები შეთანხმებისგან ძალიან შორს არიან და კვარას აგენტები 7-8 მილიონ ევროს ითხოვენ, ყველაფერია სიმართლის გარდა.
კლუბის ხელმძღვანელებსა და კვარას წარმომადგენლებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და დიდი ხანია, შეთანხმებული არიან, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები გამართონ. აურელიო დე ლაურენტისი და კვარას აგენტი სიახლეებს მალე მოგვაწვდიან, მაგრამ ტურებს, რომელთა მიზანიც დესტაბილიზაციის გამოწვევაა, მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი Calciomercato-ს ინფორმაცია გამოეხმაურა და ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მხარეებს შორის სერიოზული არაფერი ყოფილა.