ვალენსიამ საკვანძო მოთამაშე გაუშვა | გაბრიელ პაულისტა ატლეტიკოში გადავიდა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე დაკარგა. „ღამურებმა“ დაადასტურეს, რომ გაბრიელ პაულისტამ მათი რიგები დატოვა და „ჩესთან“ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.
„ვალენსიას“ განცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, პაულისტას გაფორმება მადრიდის „ატლეტიკომ“ გააოფიციალურა. „როხიბლანკოსს“ ვეტერანი ბრაზილიელის სანაცვლოდ არაფერი გადაუხდია და მასთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითანამშრომლებს.
❤️???? Gabriel Paulista is Red & White!
— Atlético de Madrid (@atletienglish) January 31, 2024
ℹ️ https://t.co/Nb8cjX9ytb
???? #WelcomePaulista pic.twitter.com/lZu714xbhX
ბუნებრივია, საინტერესოა, „ვალენსიამ“ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე უსასყიდლოდ რატომ დათმო. პაულისტას კონტრაქტში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2023/24 წლების სეზონში, ლა ლიგის ეგიდით, 20 მატჩში 45 წუთი მაინც რომ ეთამაშა, ხელშეკრულება 1 წლით ავტომატურად გაუხანგრძლივდებოდა. ბრაზილიელს, რომლის ხელფასიც 5 მილიონი ევრო იყო, 16 ასეთი მატჩი უკვე ჰქონდა ჩატარებული და „ვალენსიამ“ არ ისურვა, მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, როგორც მიმდინარე სეზონში, ასევე, მომდევნო გათამაშებაში ჰყოლოდა.
ცნობისთვის, პაულისტა ცენტრალური მცველია და მიმდინარე სეზონში, საერთო ჯამში, მონაწილეობა 19 შეხვედრაში აქვს მიღებული. მან „ვალენსიას“ მაისურით მოედანზე 1490 წუთი გაატარა.