ჯუღელთან შეხვედრა დაიგეგმა | რას აპირებს ნაპოლი კვარას კონტრაქტთან დაკავშირებით
ცნობილი ნეაპოლური გაზეთი, Il Mattino დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ უახლოეს გეგმებზე წერს. Il Mattino-ს მიხედვით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, „პარტენოპეის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი მატეო პოლიტანოსა და ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტების გახანგრძლივების საკითხზე გადაერთვება.
ნეაპოლური გაზეთის ცნობით, „ნაპოლის“ ხელმძღვანელები „კვარას“ აგენტთან, მამუკა ჯუღელთან კიდევ ერთი შეხვედრის გამართვას აპირებენ და Il Mattino-ს ინფორმაციით, ეს უახლოეს პერიოდში მოხდება.
ნეაპოლური გამოცემა დასძენს, რომ გუშინ, დე ლაურენტისი „ნაპოლის“ საწვრთნელ ბაზაზე, „კასტელ ვოლტურნო“-ზე იმყოფებოდა. „პარტენოპეის“ პირველი პირი კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან პოლიტანოსა და კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხები განიხილა.
გუშინ, Calciomercato-მ დაწერა, რომ „ნაპოლი“ მზადაა, „კვარას“ ხელფასი გაუსამმაგოს და ოფიციალური წინადადებაც მოამზადა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე ჯუღელს წარუდგინა. თუმცა უარი მიიღო და ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლები მეტს ითხოვენ. იტალიური გამოცემის მიხედვით, მათი მიზანი 7-8 მილიონი ევროა.