ნოიერი: “მჯერა, რომ კლოპი ბაიერნის გაწვრთნის კანდიდატია“
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იურგენ კლოპი „ლივერპულს“ დატოვებს. გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ დასვენება სურს, მაგრამ სულ სხვა აზრზეა მანუელ ნოიერი.
„რეკორდმაისტერის“ კარის დარაჯი იურგენს თავის გუნდში ეპატიჟება, თანაც იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდში გულშემატკივრებს ტომას ტუხელის წასვლა სურთ.
რა თქვა ნოიერმა?
„ყველაფერი თავად კლოპზეა დამოკიდებული, თუმცა ვფიქრობ, რომ „ბაიერნს“ მისი დანიშვნის საწინააღმდეგო არაფერი ექნება. ის არის ცნობილი, ძალიან კარგი, გამოცდილი, და ტაქტიკურად გამჭრიახი მწვრთნელი, რომელმაც ფეხბურთელებში დიდი პატივისცემა მოიპოვა. მე მჯერა, რომ ის ნამდვილად პოტენციური კანდიდატია, რომელსაც თავისუფლად შეუძლია „ბაიერნში“ მუშაობა.
სურს, თუ არა მას ამის გაკეთება ეს, რა თქმა უნდა, თავად იურგენის გადასაწყვეტია. არ არის გამორიცხული, რომ დასვენება უნდოდეს და ყოველდღიური საქმიანობა მობეზრებული ჰქონდეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს გერმანიის ნაკრების მწვრთნელი გახდეს.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარეა სეზონში იურგენ კლოპის „ლივერპული“ პრემიერ ლიგას ლიდერობს და ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა. მერსისაიდელები ევროპის ლიგის მერვედფინალშიც ითამაშებენ და კლოპს არაერთი ტიტულის მოგების შანსი აქვს.