გოგა ბითაძე, პაოლო ბანკერო, ჯეილენ საგსი
Aa
Aa

„ბითაძემ გაგვაკვირვა, მის გვერდით ვერ მოიწყენ“ | ორლანდოს სიუჟეტი გოგაზე

„ორლანდო მეჯიქის“ იუთუბ არხზე გოგა ბითაძისთვის მიძღვნილი სიუჟეტი გამოქვეყნდა. მასში ქართველი ცენტრი საკუთარ ასპარეზობაზე საუბრობს და გოგას თანაგუნდელები და კომენტატორებიც ახასიათებენ.

ბითაძე: „მახსოვს, ინდიანას რიგებში ვთამაშობდი და ერთ-ერთი შეხვედრა სტუმრად მეჯიქის წინააღმდეგ უნდა გაგვემართა. ორლანდოში ჩამოვედი და ქალაქმა გამაოცა. ზამთარი იდგა, მაგრამ ორლანდოში მზე ანათებდა და ვიფიქრე, ამ ქალაქში ცხოვრება შესანიშნავი გამოცდილება იქნება-მეთქი. ძალიან მალევე, მეჯიქში აღმოვჩნდი და არ ვიცოდი, ახალი გუნდისგან რა მოლოდინები უნდა მქონოდა, მაგრამ შესანიშნავად მიმიღეს. ყოველდღიურად ვვარჯიშობდი და მაქსიმუმს ვაკეთებდი, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ვიცოდი, რომ ვარჯიში უნდა გამეგრძელებინა და შედეგს მივიღებდი. როცა სათამაშო დრო არ მეძლეოდა, წუწუნი არ დამიწყია და მაქსიმუმის კეთება განვაგრძე. როცა მოთმინებას იჩენ და თავდაუზოგავად მუშაობ, შეუმჩნეველი არ რჩები და ამას აუცილებლად გიფასებენ. ეგოისტი კალათბურთელი არ ვარ და მოსაგებად ყველაფერს ვაკეთებ. მგონია, რომ ხალხმა ეს შეამჩნია და სისტემას ნელ-ნელა ვეგუები, თუმცა თანაგუნდელები და მწვრთნელები ამ პროცესს მიადვილებენ და ჩემგან ერთადერთი, რაც საჭიროა, ბოლომდე დახარჯვა და თავდაუზოგავად მუშაობაა. ყველა კალათბურთელს შეიძლება, ცუდი თამაში ჰქონდეს. იდეალური არავინაა. როცა ცუდი თამაში გაქვს, ის წარსულში უნდა დატოვო და მომდევნო შეხვედრაზე იფიქრო “.

ჯეილენ საგსი (ორლანდოს გამთამაშებელი): „გოგა ყოველთვის იცინის და სახიდან ღიმილი არასდროს შორდება. სამწამიანში მისი თამაში გუნდს ძალიან წაადგა და მასთან ერთად მოწყენილი ვერ იქნები. ძალიან გვიხარია ჩვენთან ერთად რომაა“.

ჯეფ ტერნერი (ორლანდოს კომენტატორი): „ძალიან რთულია იმის გაკეთება, რაც გოგამ გააკეთა. ბითაძე მესამე ცენტრი იყო და სასტარტო ხუთეულის წევრი გახდა. მთავარი განსხვავება მომზადების პროცესია. სასტარტოსთვის სხვანაირად ემზადები, მცირე სათამაშო დროისთვის - სხვანაირად. თან, ხვდები კალათბურთელთა ჯგუფში, რომელთანაც ვარჯიშებისას ბევრი არ გიმუშავია. გოგა კარგად მოძრაობს, რაც ბევრს აოცებს. ის სამწამიანს ბრწყინვალედ იცავს და დაფარებების მხრივ, NBA-ის ტოპ 10 კალათბურთელს შორისაა. ვფიქრობ, დაცვაში თამაშის კუთხით, მან ბევრი გააკვირვა, შეტევაში კი მეტოქის ფარზე მოხსნებით გამოირჩევა და პიკ ენდ როლებისას ძალიან კარგია. გაკვირვებული დავრჩით, როცა მესამე ცენტრმა, სასტარტოში მოხვედრის შემდეგ, ასეთი თამაში აჩვენა, მაგრამ ახლა გაკვირვებული ნამდვილად აღარ ვართ“.

პაოლო ბანკერო: „გოგა გუნდს სიმტკიცესა და ენერგიას სძენს. პარკეტზე ყოფნისას ყოველთვის ლაპარაკობს და ზოგჯერ უმიზეზოდაც ყვირის. ვფიქრობ, ეს ინტენსიურობის მხრივ, გვეხმარება და როგორც დაცვაში, ისე შეტევაში დიდ ენერგიას გვაძლევს“.

შეგახსენებთ, რომ NBA-ის მიმდინარე სეზონში, ბითაძემ მონაწილეობა 39 შეხვედრაში მიიღო და პარკეტზე საშუალოდ 20 წუთსა და 41 წამს ატარებს. გოგა საშუალოდ 6.9 ქულას, 6.4 მოხსნას, 1.7 შედეგიან გადაცემას, 0.7 ჩაჭრასა და 1.6 დაფარებას აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შარშან უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, დღეს კი...“ - ფლორესი კვარაზე და ნაპოლიზე
„შარშან უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, დღეს კი...“ - ფლორესი კვარაზე და ნაპოლიზე