„რატომ არ მოგვეცით მამარდასთვის პრიზის გადაცემის უფლება?“ - ვალენსიას ფანების პროტესტი
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მოქმედი „ვალენსიას“ ფან-კლუბი, რომლის სახელწოდებაც La Penya 18 de Març de Madrid-ია კლუბის მფლობელის, Meriton Group-ის მენეჯმენტს გმობს და სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. ფან-კლუბის წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ გუნდის ხელმძღვანელებმა მათ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისთვის სპეციალური ჯილდოს გადაცემის შესაძლებლობა არ მისცეს.
„ვალენსიას“ მადრიდული ფან-კლუბი ყოველი სეზონის ბოლოს სპეციალურ გამოკითხვას ატარებს და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს, გასულ სეზონში კი ეს ჯილდო ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გიორგი მამარდაშვილს ერგო. ფან-კლუბის წარმომადგენლები საუკეთესო ფეხბურთელს მხოლოდ მადრიდში ვიზიტის დროს აჯილდოებენ, ამის შანსი კი მათ შესაძლოა სეზონში სამჯერ, ან ოთხჯერ მიეცეთ.
რას ამბობენ „ვალენსიას“ ფანები:
კლუბში, სხვადასხვა ადამიანებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელების დუმილი და უყურადღებობა Meriton Group-ის მიერ არის დამკვიდრებული. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელმძღვანელების არაკეთილსინდისიერებას და უხეშ დამოკიდებულებას.
კიდევ ერთხელ გვინდა დავგმოთ Meriton-ის წარმომადგენლების ბოროტი და უკუღმართი მენეჯმენტი, რომელსაც „ვალენსიას“ და გულშემატკივრების მისამართით იყენებენ. 2015/16 წლების სეზონიდან, ჩვენი ფან-კლუბი ყოველწლიურად აჯილდოებს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს, რომელიც ფანებში, კენჭისყრის შედეგად ვლინდება. ჩვენს რჩეულებს ვაძლევთ სიმბოლურ პრიზს, რომელიც სპეციალურად მათთვის არის შექმნილი. ეს უბრალო პროცედურაა, რომელიც დაახლოებით 6-7 წუთს მოითხოვს და იმ სასტუმროში ხდება, რომელშიც გუნდი მადრიდში ვიზიტის დროს ცხოვრობს.
სამწუხაროდ, დღეისთვის პრიზის გადაცემის ყველა შესაძლებლობა ამოწურულია. კლუბმა უკვე ითამაშა „ხეტაფესთან“, „რაიო ვალეკანოსთან“ და მადრიდის „რეალთან“, MVP-ის ჯილდოს გადაცემის ბოლო შანსი კი მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩი იყო. 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მამარდაშვილი გახდა. მადრიდში ჩამოსვლამდე ჩვენ კლუბის ხელმძღვანელებს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან საპასუხოდ მხოლოდ დუმილი მივიღეთ. ეს ქცევა გულშემატკივრების მიმართ შეუსაბამო დამოკიდებულებაა და დიდ უპატივცემულობას გამოხატავს, რომელსაც Meriton Group-ი უკვე წლებია იჩენს.
ჩვენ შევინახავთ გიორგი მამარდაშვილისთვის დამზადებულ პრიზს და მას მოგვიანებით, როცა ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, აუცილებლად გადავცემთ. ამასთან, ჩვენი ფან-კლუბი ტრადიციისამებრ გამოავლენს 2023/24 წლების საუკეთესო მოთამაშეს.
იმედია ჩვენი კლუბი მალე გათავისუფლდება ამ არაკეთილსინდისიერი მმართველობისგან და Meriton Group-ი უბრალოდ ცუდ მოგონებად დარჩება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა გასულ სეზონში „ვალენსიას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა და 49 ბურთი გაუშვა, კარი კი მშრალად 9 შეხვედრაში შეინახა. ვალენსიას ფანები ვარაუდობენ, რომ ქართველი მეკარე ამ სეზონშიც გუნდის საუკეთესო მოთამაშე გახდება.