თოფურია VS ვოლკანოვსკი | „მატადორი“ მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ნაწილზე გადადის
UFC-ის ქვემსუბუქ წონაში ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლაზე ცნობილი ესპანური გამოცემა Marca წერს და ამბობს, რომ ქართველი მებრძოლი მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით ნაწილს იწყებს.
რა წერია Marca-ს სტატიაში:
ესპანელ-ქართველი მებრძოლი თავისი კარიერის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ემზადება. ის აშშ-ში, კერძოდ კი ნევადაში მიემგზავრება, სადაც საწვრთნელი ბანაკის ბოლო მონაკვეთს გაივლის. თოფურიას მეტოქე ქვემსუბუქ წონაში ყველაზე დომინანტი მებრძოლი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება, რის გამოც „მატადორი“ შესაძლოა ყველაზე გეგმაზომიერ და მოწესრიგებულ მოსამზადებელ ეტაპს გადის.
თოფურიამ მადრიდში, მედია დღის დასრულების შემდეგ ესპანეთი დატოვა და შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, რათა მოსამზადებელი ეტაპის დასკვნითი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გაიაროს. ის პირველ რიგში ლას ვეგასში, UFC Performance Institute-ში იქნება, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით გაივლის მომზადებას. იქ მას ყველანაირი კომფორტი ექნება და შეეცდება თავისი გეგმები კიდევ უფრო დახვეწოს. სირთულეები, რომელსაც შეხვდება, აკლიმატიზაცია იქნება, თუმცა, როგორ თოფურია ამბობს, ამას მარტივად გადაიტანს. ასევე, დასკვნით დღეებში იქნება წონის კლების საჭიროებაც, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ პრობლემები აქაც არ შეიქმნება.
ესპანელ-ქართველი სატიტულო ბრძოლას დივიზიონის მე-3 ნომრის სტატუსით შეხვდება. მატადორი უსწრებს ისეთ მებრძოლებს, როგორებიც არიან ბრაიან ორტეგა (მე-4 ნომერი), მოვსარ ევლოევი (მე-5 ნომერი), არნოლდ ალენი (მე-6 ნომერი). ბოლოს კი მისი მეტოქე ჯოშ ემეტი იყო, მაშინდელი მე-5 ნომერი, რომელიც თოფურიამ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ვლოკანოვსკისთან მოსამზადებელ პროცესს იმ გუნდთან ერთად დაასრულებს, რომელთანაც უკვე წლებია გვერდიგვერდ მუშაობს. „მატადორს“ მისი ძმა, ალექსანდრე თოფურიაც ეხმარება, რომელსაც ნებისმიერი სტილის მებრძოლის შესანიშნავად იმიტირება შეუძლია. ეს არის ერთ-ერთი გასაღები იმ პროცესისა, რომელსაც ვოლკანოვსკისთან დიდ პაემნამდე მივყავართ.
ალექსანდრე, რომელიც სულ მალე სუპერმსუბუქ წონაში სადებიუტო ბრძოლას გამართავს, მისი მოსამზადებელ პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა როგორც სენტიმენტალურ, ისე ემოციური კუთხით, რადგან ისინი ერთად იზიარებენ და გეგმავენ ყველაფერს MMA-ის დიდ ლიგებში.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 17 თებერვალს, ანაჰაიმში გაიმართება.