ნიკას ბლოგები, ჯერმეინ დეფო
Aa Aa

“ბრედლისთან მეგობრობა არასდროს დასრულდება“ - მე ჯერმეინ დეფო ვარ

„დამიჯერეთ, რასაც ვაკეთებდი აბსოლუტურად ყველაფერი მახსოვს..

ზოგიერთ მოთამაშეს ავიწყდება, ან მათი მოგონებები ბუნდოვანია, ჩემი არა.. თქვენ შეგიძლიათ მაჩვენოთ ჩემი კარიერიდან ნებისმიერი სურათი და მე გეტყვით ზუსტ დროს, თარიღს ამინდს და ყველაფერს..

თავს იღბლიან ადამიანად ვთვლი და არასდროს არაფერი მიმიღია დაუმსახურებლად. ვიცი, რაც გავწირეთ მე და ჩემმა ოჯახმა იმ ყველაფრისთვის, რაც ახლა მაქვს.. სწორედ ამიტომ ვინარჩუნებ მოგონებებს..

ოცნებაში ვიცხოვრე..

კარიერა დასრულებული მაქვს და საბოლოოდ შემიძლია გადავხედო ყველაფერს.. ყველაფერი ჰარი რედნაპის ზარით დაიწყო..

ბიძია ჰარის შესახებ ბევრი ამბავი მაქვს, მაგრამ ყველაფრის შესაჯამებლად ალბათ ყველაზე კარგი საშუალება ჩემს პირველ სეზონზე საუბარია, როდესაც მე 16 წლის ასაკში „ვესტ ჰემს“ შევუერთდი..

რედნაპმა მითხრა სამი სიტყვა, რომელსაც შემდეგ მთელი კარიერის განმავლობაში მეუბნებოდა: „უბრალოდ გაიტანე გოლები.“

არც მეტი არც ნაკლები..

ჰარის მთავარი თვისება ის იყო, რომ არასდროს არაფერს ართულებდა და მენეჯმენტის კუთხით საუკეთესო იყო, განსაკუთრებით ჩვენთან ახალგაზრდა ფეხბურთელებთან.. იმ დროს „ვესტ ჰემს“ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავდა..

სინამდვილეში, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს გუნდი ავირჩიე პირველ რიგში, FA-ს ახალგაზრდული თასი იყო..

ეს ტურნირი კლუბისთვის მნიშვნელოვანი იყო. მახსოვს 1999 წლის ფინალს ვუყურე და აპტონ პარკი სავსე იყო.. გულშემატკივრები გაგიჟდნენ, თითოეული წუთი უყვარდათ და ეს ყველაფერი ახალგაზრდულ თასზე ხდებოდა გესმით?

ბევრი სხვა შემოთავაზება მქონდა, მაგრამ არჩევანი მაინც „ვესტ ჰემზე“ შევაჩერე.. იმ პერიოდში „ჩაქუჩებს“ შესანიშნავი რეპუტაცია ჰქონდა.. მათ განავითარეს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც მაიკლ კერიკი, ჯო კოული, რიო ფერდინანდი და ფრენკ ლამპარდი იყვნენ..

რედნაპს ყველგან სკაუტები ჰყავდა..

თუმცა საქმე მხოლოდ ახალგაზრდებს არ ეხებოდა. იმ დღეს, როცა კონტრაქტს ხელი მოვაწერე და „ჩადველ ჰითის“ სავარჯიშო მოედანზე დედასთან და მამასთან ერთად მივედით, იცით ვინ დამხვდა? იან რაითი, რომელიც უბრალოდ იდგა და ჩემს მისალმებას ელოდებოდა..

ჩემი კონტრაქტი 1.65 მილიონი ევრო დაჯდა, რაც 16 წლის ბავშვისთვის ნამდვილად ბევრი იყო.. ახალგაზრდული გუნდის თამაშებზე უამრავი ფოტოგრაფი დადიოდა, მაგრამ ზეწოლას ვერ ვგრძნობდი, თითქოს მაშინვე ჯგუფის წევრი გავხდი..

მახსოვს სასადილოში მივდიოდი და რიო ფერდინანდის ხმა გავიგე.. ის ჩემს სახელს ყვიროდა.. შემდეგ ჰარი რედნაპი გამოჩნდა და ჩემი თავი ყველას გააცნო..

„ეს ჯერმეინია, ჩვენ ის „ჩარლტონისგან“ ვიყიდეთ, მხოლოდ 16 წლის არის, მაგრამ გოლების გატანაში დაგვეხმარება! არა შვილო?!“

იმ ფორმაციის „ვესტ ჰემმა“ კარგი ფეხბურთი ითამაშა და გასახდელშიც იდეალური ატმოსფერო გვქონდა.. მე ვსაუბრობ ადამიანებზე, როგორებიც ტრევორ სინკლერი, ლეს ფერდინანდი, დევიდ ჯეიმსი, ფრედი კანუტე, მაიკლი და ჯოი არიან.. ამას დაუმატეთ პაოლო დი კანიო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ვისთანაც კი ოდესმე მითამაშია.. ის გენიოსია!!

2003 წელს პრემიერ ლიგიდან გავარდნამ დიდი იმედგაცრუება დატოვა, თანაც წინა სეზონი მეშვიდე ადგილზე დავასრულეთ..

ფეხბურთს მიღმა ბევრი ცუდი რამ მოხდა. ჩვენი მენეჯერი გლენ როდერი ავად გახდა და მისი ადგილი ტრევორ ბრუკინგს აპრილში უნდა დაეკავებინა..

იმ წელს ძალიან ბევრი ვისწავლე. ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ტრანსფერის მოთხოვნის კუთხით გულუბრყვილო ვიყავი..

ჩემი მშობლები აღმოსავლეთ ლონდონიდან არიან და ისინი ყოველთვის „ვესტ ჰემს“ გულშემატკივრობდნენ.. წასვლა არ მინდოდა, მაგრამ ჩემი გარემოცვა ჩემზე მანიპულაციას ახდენდა. მეუბნებოდნენ: „თუ კიდევ გსურს პრემიერ ლიგაში თამაში და ინგლისის ნაკრებში ადგილი უნდა წახვიდე!!“

გაზეთები გაგიჟდნენ, ყველა ჩემზე წერდა და გულშემატკივრები მტრულად განეწყვნენ, მლანძღავდნენ და მემუქრებოდნენ.. ამ ყველაფრის წინაშე სრულიად მარტო აღმოვჩნდი..

საბედნიეროდ ყურადღების ცენტრში ყოფნას და ზეწოლას უკვე მიჩვეული ვიყავი. მე 16 წლისამ მოვაწერე კონტრაქტს ხელი და ჩემს სადებიუტო მატჩზე უამრავი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი მოვიდა.. ამჯერადაც რედნაპის რჩევა გავიხსენე: „უბრალოდ გოლები გაიტანე და ყველა დანარჩენი დაივიწყე..“

როდესაც ნაკრებში გიძახებენ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ერთ-ერთი ადმინისტრატორი შეტყობინებას გიგზავნის.

„გილოცავთ, თქვენ გამოძახებული ხართ ინგლისის ნაკრებში შვედეთთან მატჩისთვის..“

ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ამ მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ველოდი.. გავიზარდე და ინგლისის ნაკრები ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა!!

ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ყოველთვის ჩემი მთავარი მიზანი იყო და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც „ვესტ ჰემი“ დავტოვე და „ტოტენჰემში“ გადავედი..

კარგად მახსოვს პირველი შეკრება. სასადილო მაგიდასთან მე ჯერმეინ ჯენასი და შონ რაით-ფილიპსი ვისხედით და ისეთ ფეხბურთელებს ვუყურებდით, როგორებიც დევიდ ბექჰემი, სტივენ ჯერარდი და პოლ სქოულზი არიან. ვფიქრობდი, რომ იქ ყოფნა კარგი იყო, მაგრამ ადგილი უნდა შეგვენარჩუნებინა..

ძირითად შემადგენლობაში პირველად იმავე წლის ბოლოს პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ მოვხვდი. 37-ე წუთზე ბექჰემმა სწორ პოზიციაზე დამინახა, დიდებული პასი გამიკეთა და სადებიუტო გოლი გავიტანე..

თამაშის დაწყებამდე ის ჩემთან მოვიდა, ალბათ იმიტომ, რომ ეგონა ვნერვიულობდი.. იცით რა მითხრა?

„უბრალოდ გააკეთე ის, რასაც აკეთებ. არაფერი შეცვალო..“

მინდა გითხრათ, რომ არასდროს, არცერთ მწვრთნელთან პრობლემა არ მქონია.. ვფიქრობ, სვენს თავისი გუნდი ჰყავდა და მიზეზი ეს იყო.. მიუხედავად ამისა, თუ ინგლისის რომელიმე გულშემატკივარს ჰკითხავთ, თუნდაც დღეს.. ყველა იტყვის: „ჯერმეინ დეფო 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა წასულიყო..“

მახსოვს, ის სეზონი „ტოტენჰემში“ ძალიან კარგად დავიწყე. შესაძლოა მეორე ნახევარში იმდენი გოლი ვერ გავიტანე, რამდენიც უნდა გამეტანა, მაგრამ არავის გავუკრიტიკებივარ და გუნდისთვის სასარგებლო მაინც ვიყავი.. სვენმა კი აბსოლუტურად არაფერი მითხრა.. ასე არ შეიძლება..

როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ინგლისს მუნდიალზე არ მივყვებოდი დამაინტერესა ვინ ჩასვეს განაცხადში ჩემს ნაცვლად.. ვფიქრობდი, რომ ეს ბენტი იქნებოდა..

დარენმა იმ სეზონში ბევრი გოლი გაიტანა.. მივწერე და ვკითხე გამოიძახეს, თუ არა..

„არა არ გამომიძახეს“ - მიპასუხა ბენტმა

შემდეგ იგივე კითხვა შონ რაით-ფილიპსს დავუსვი და პასუხი იდენტური იყო, არც ის მიდიოდა..

ვერ მივხვდი რა ხდებოდა..

როდესაც განაცხადი გამოქვეყნდა ვნახე, რომ სვენმა შეტევაში 17 წლის ტეო ვოლკოტი წაიყვანა, რომელსაც პრემიერ ლიგაში 1 მატჩიც არ ჰქონდა ჩატარებული.. მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს და პირიქით, მის გამო გამიხარდა კიდეც, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო..

სვენმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. მას სურდა, რომ ნაკრებთან ერთად მემოგზაურა და მევარჯიშა, მაგრამ ჩემს თამაშს არ აპირებდა.. კარგი სეზონი მქონდა, გოლებიც გამქონდა.. ვფიქრობ, ამ ფაქტის გამო სხვა ფეხბურთელებიც უცნაურად გრძნობდნენ თავს..

2008 წლის ერთ დღეს ტელეფონი ავიღე, ძია ჰარი რეკავდა.. სასაცილოა, რადგან, როცა ის სამსახურს იწყებდა მე მირეკავდა, რომ მისი პოსტი გადამერჩინა.. ჰაჰაჰა..

იმ პერიოდში „სპურსში“ ბედნიერი არ ვიყავი და ჩემი კონტრაქტიც იწურებოდა. ასე რომ, როცა რედნაპმა დამირეკა და „პორტსმუტში“ თამაში შემომთავაზა გამიხარდა..

მან იქ ტოპ გუნდი შექმნა. დევიდ ჯეიმსი, სოლ კემპბელი, სილვენ დასტინი, ლასანა დიარა და მეფე კანუ!! საუკეთესო მოთამაშეები!!..

პიტერ კრაუჩი მოგვიანებით შემოგვიერთდა. რა თქმა უნდა, ნიკო კრანჩარიც იქ იყო. არ ინერვიულოთ მე ვნახე ის მიმები! ყველაფერი აქედან დაიწყო - ჰარის მაგარი ბიჭების გუნდი..

ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ჩემი ტრანსფერი იანვარში განხორციელდა და „სპურსთან“ ერთად ინგლისის ლიგის თასის მოგების შანსი გავუშვი ხელიდან.. მიუხედავად ამისა, „პორტსმუთში“ ჰარი რედნაპთან თამაში ბედნიერება იყო..

როცა „ტოტენჰემში“ დავბრუნდი, თითქოს არასდროს ვიყავი წასული და მხოლოდ შვებულებაში ვიმყოფებოდი..

„დეზებში“ კვლავ რედნაპთან ერთად აღმოვჩნდი. გუნდის სტომატოლოგმა პიტერ რაბინმა ჩემს დაბრუნებამდე დამირეკა და მანახა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, თუ როგორ მიმღეროდნენ გულშემატკივრები.. ეს ფანტასტიკური გრძნობა იყო..

როცა დავბრუნდი ნიკო და კრაუჩიც შემომიერთდნენ.. ეს დიდებული შეგრძნება იყო..

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პრემიერ ლიგის ერთ მატჩში 5 გოლს გავიტანდი. ეს „უიგანის“ წინააღმდეგ მოხდა..

ყველაფერი კარგად არ მახსოვს, მაგრამ რაღაც განსხვავებული გავაკეთე და იმ დღეს ახალი ისტორია დავწერე..

მახსოვს პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა და ჩემი პირველი გოლი 50-ე წუთზე გავიტანე. შემდეგ კი მეორე, მესამე, მეოთხე..


როდესაც მეხუთე გოლი გავიტანე გავიაზრე, რომ ამის გაკეთება მთელი ისტორიის მანძილზე მხოლოდ ალან შირერმა და ენდი კოულმა შეძლეს..

თამაშის შემდეგ, ჰარიმ ქვეყნის საუკეთესო „ფინიშერი“ მიწოდა. ის ტყუილად არასდროს არავის აქებდა და როდესაც ეს სიტყვები თქვა ვიგრძენი, რომ სასწაულების მოხდენა შემეძლო..

კარიერაში 300-ზე მეტი გოლი მაქვს გატანილი, მაგრამ თუ ფავორიტის არჩევა მომიწევს.. მსოფლიო ჩემპიონატზე გატანაზე უკეთესი გრძნობა არ არსებობს!! ეს არის მწვერვალი!! ეს იყო, რაც ყოველთვის მინდოდა!!

ყველაფერი, რაც 4 წლის წინ მოხდა დავივიწყე. ახლა დანამდვილებით ვიცოდი, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მივდიოდი. ჯერ კიდევ მარტში ფაბიო კაპელომ მითხრა, რომ მის გეგმებში ვიყავი..

ფაბიოსთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ვიცი, რომ მის შესახებ ბევრი ნეგატიური ისტორია იცით, მაგრამ ჩემს მიმართ ყოველთვის დადებითად იყო განწყობილი და მეც ანალოგიურად..

ვარჯიშებზე გარკვეულ მოძრაობებს ვაკეთებდი და ის უბრალოდ ამბობდა: „კარგია, ასე გააგრძელე..“ - სულ ეს იყო..

საბოლოო ჯამში, გერმანიასთან მატჩის შემდეგ, იმედგაცრუებულები ვიყავით.. წარმოიდგინეთ მაშინ, რომ VAR სისტემა ყოფილიყო, მაგრამ ჩემთვის ის პერიოდი მაინც განსაკუთრებული იქნება. პირველ ორ მატჩში ბევრი არ მითამაშია, მაგრამ სლოვენიასთან თავიდანვე ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი და ის მატჩი უნდა მოგვეგო!!

23-ე წუთი იყო, მილნერმა ბურთი ფლანგზე მიიღო და ჩააწოდა. ბურთი პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა და აუცილებლად უნდა გამეტანა. მცველებს დავასწარი და სლოვენიას გავუტანე!!

ეს გოლი ჩემი ვარჯიშისა და შრომის შედეგი იყო. როცა ახალგაზრდა ვიყავი ასეთ რაღაცებს რაითისგან და დი კანიოსგან ვსწავლობდი..

მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა ჩემს კარიერაში საუკეთესო მომენტი იყო!! ალადინში იცით როდის ამოდის ჯინი? სწორედ ასე ვგრძნობდი თავს იქ.. თითქოს მაშინ შევასრულე ჩემი პირველი სურვილი, თითქოს ყველაფრის გაკეთება შემეძლო..


Tyne–Wear დერბი ყოველთვის დიდი მატჩია. 2015 წლის იანვარში „სანდერლენდს“ შევუერთდი. იმ პერიოდში გუნდი ცუდ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მათ დიდებული გულშემატკივრები ჰყავთ. როდესაც დერბის დრო მოვიდა, ჩვენ ნამდვილად გვჭირდებოდა გამარჯვება..

მახსოვს პასი დიდმა სტივენ ფლეტჩერმა გამიკეთა. გადაწყვეტილება წამის მეასედში მივიღე. თავიდან ვიფიქრე, რომ ბურთს გავიჩერებდი, მაგრამ ეს არ შეიძლებოდა, პირდაპირ უნდა დამერტყა..

და როგორც კი დავარტყი.. ღმერთო ჩემო.. ჩემი მარცხენა ფეხი..

ახლაც მახსოვს სტადიონის ღრიალი, თითქოს იქაურობა დაინგრა.. წარმოიდგინეთ, 50 000 ადამიანი ერთად ყვიროდა..

ბიჭები ზემოდან დამახტნენ და ზეიმობდნენ.. როცა ავდექი უბრალოდ ტირილი დავიწყე..

დადგა ჩემთვის ყველაზე ემოციური მომენტი.. ბრედლი.. მასზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს.. „სანდერლენდში“ მეორე სეზონს ვატარებდი და გუნდის ჟურნალისტმა ლუისა უანლესმა ერთ დღეს მითხრა: „არსებობს ერთი ბავშვი, რომელსაც შენი გაცნობა უნდა..“

მან მითხრა, რომ ბრედლი ლოური გუნდის თილისმა იყო.. მას ნეირობლასტომა ჰქონდა და მე მისი საყვარელი ფეხბურთელი ვიყავი.. არ ვიცოდი ვის უნდა შევხვედროდი და თავს ვიმშვიდებდი, თუმცა რეალურად საკმაოდ ვნერვიულობდი. ჩემს გონებაში წარმოვიდგინე, რომ ის ბავშვი მორცხვი და მშვიდი იქნებოდა..

მაგრამ, როგორც კი გასახდელში შემოვიდა, პირდაპირ ჩემკენ გამოვარდა და მთელი ძალით ჩამეხუტა..

ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, ლუისას ვთხოვე ოჯახთან დავეკავშირებინე, რათა საავადმყოფოში წავსულიყავი და მენახა..

თავიდან გუნდელებთან ერთად მივდიოდი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, მარტო დავდიოდი. მინდოდა, რაც შეიძლება მეტი დრო გამეტარებინა მასთან. ჩვენ ბუნებრივი კავშირი დავამყარეთ.. ეს კავშირი.. არ ვიცი როგორ ავხსნა.. იმდენად შევეჩვიე მას „სანდერლენდში“ ყოფნისას, რომ მისი წასვლის შემდეგ, ძალიან გამიჭირდა..

მან ცხოვრებისა და ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების დაფასება მასწავლა!!..

მან მთლიანად შემცვალა..

ისეთი მხიარული იყო..

ყველა თამაშზე, რომელზეც ის მოდიოდა კამერებს ელოდებოდა და სპეციალურ პოზას იღებდა გამოჩენის დრო..

ერთხელ დედამისს, ჯემას ვკითხე: „ეს შენ ასწავლე?“

მან მიპასუხა, რომ არა..

არ ვიცი რატომ აკეთებდა ამ ყველაფერს.. ის ნამდვილი სიყვარული იყო!!

როდესაც „აირბროქსზე“ პირველად შევედი ამ დიდებულ სტადიონზე, მაშინვე ფოტოები გადამიღეს. იქ დიდებული გარემოა, სურათები კედლებზე, თასები, ისტორია.. ამ ყველაფერს იმ წამსვე გრძნობ და გსურს მისი ნაწილი იყო..

სანამ კონტრაქტს ხელს მოვაწერდი ჯერარდს ვესაუბრე. სიმართლე გითხრათ, გადასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ, როცა სტივენი გირეკავს, შეხვედრაზე აუცილებლად თანხმდები..

მან მითხრა: „“რეინჯერსი“ ყველაზე ახლოს არის „ლივერპულთან“, რაც კი ოდესმე მინახავს. ეს ისეთი დიდი გუნდია წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ჩვენ მას ერთად დავაბრუნებთ უმაღლეს დივიზიონში.“

„აირბროქსზე“ ერთ მატჩს დავესწარი და იქ მთელი სტადიონი ქანაობდა. საოცარი ატმოსფერო იყო და ვიფიქრე, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა..

დედაჩემი ამ ყველაფერს სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ ეს ყველაფერი პირველი „ფირმის“ დერბის შემდეგ შეიცვალა..

რაც „აირბროქსზე“ ხდება ამას ვერ აღწერ, უბრალოდ საკუთარ თავზე უნდა გამოცადო და შეიგრძნო. წარმოიდგინეთ იქ საკუთარი ყვირილის ხმაც არ გესმის..

როდესაც „ფირმის“ დერბი მოვიგეთ, თითქოს მთელი სტადიონი გაცოცხლდა.. თამაშის შემდეგ, დედაჩემმა მითხრა: „ჯერმაინ, ახლა ყველაფერს მივხვდი..“

2020/2021 წლების სეზონის პირველივე კვირას ვიცოდით, რომ ტიტულს მოვიგებდით. მსოფლიო კორონავირუსის პანდემიიდან გამოდიოდა და ჩვენ სასოწარკვეთილებს ერთმანეთის ნახვა გვენატრებოდა..

გულშემატკივრებს 55-ე ტიტული სურად და „სელტიკის“ დომინირება უნდა დასრულებულიყო!! მადლობა ღმერთს, ეს გავაკეთეთ!! ამ კლუბის დატოვება ისე, რომ სტადიონისკენ მიმავალ გვირაბში შენი გვარი არ ეწეროს, უბრალოდ წარმოუდგენელია.. ჯერ კიდევ დიდ დროს ვატარებ გლაზგოში..

„რეინჯერსში“ ტიტულის მოგებამ იქაურობა კიდევ უფრო მეტად შემაყვარა. სასაცილო მომენტებიც იყო. მაგალითად, ჯო არიბო, კალვინ ბეისი და გლენ კამარა ბიძია დეფოს მეძახდნენ..

რა თქმა უნდა, ეს სიყვარულის და პატივისცემის გამოხატულება იყო, მაგრამ ბიძიას დაძახება მაგრძნობინებდა, რომ ჩემი კარიერა დასასრულისკენ მიდიოდა..

ბავშვობაში ოცნებობ, უშვებ შეცდომებს და უყურებ შენს გარშემო არსებულ უფროს მოთამაშეებს, ვისგანაც რაიმეს სწავლა გინდა.. შემდეგ კი უცებ შენ ხდები ის ფეხბურთელი, რომელსაც აკვირდებიან და რომლისგანაც სწავლობენ..

გამოცდილი უფროსი..

ბიძა..

იმედი მაქვს, „რეინჯერსის“ ახალგაზრდებს მივეცი ის, რაც მე რედნაპმა, რაითმა და დი კანიომ მომცეს..

მოედნის მიღმა დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა: „შენ ფეხბურთზე მეტი ხარ..“

იმედი მაქვს ყველას დავანახე, თუ როგორ ოჯახს წარმოვადგენდი მე..

იმედი მაქვს, ვიყავი ის, ვინც სხვას რაიმე ასწავლა..

და ის, ვინც ამ ყველაფრით და ყოველი წამით ტკბებოდა..“ - მე ჯერმეინ დეფო ვარ

გაზიარება: