„ილია მკვლელია, მაგრამ ვოლკი ვოლკია“ | მაქს ჰოლოუეი თოფურიას მარცხს ვარაუდობს
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. „დალოცვილმა“ „ელ მატადორს“ „მკვლელი“ უწოდა, მაგრამ „ვოლკის“ გამარჯვება ივარაუდა.
„ალექსი ალექსია და მის წინააღმდეგ ფსონის განთავსება ძალიან ძნელია. ვოლკანოვსკის ჭკვიანი მწვრთნელები ჰყავს და იციან, რას აკეთებენ. თუ ვოლკის მოსამზადებელი კემპი უპრობლემოდ ჩაივლის, მიზანს მიაღწევს და მისთვის ყველაფერი კარგად დასრულდება. თუ ბრძოლა გაიმართა, ე.ი ალექსს შესანიშნავი მოსამზადებელი კემპი ჰქონდა და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, ილიასთან პრობლემები არ შეექმნება.
თოფურია მკვლელია, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. როცა ახალგაზრდა მეტოქეები მყავდნენ, ბევრჯერ უთქვამთ, რომ ჩემი წაგების დრო იყო მოსული, მაგრამ ყველა მათგანი დავამარცხე. პროგნოზის გაკეთება არ მიყვარს, მაგრამ ფსონებს რომ ვათავსებდე, ალექსის წინააღმდეგ წასვლა გამიჭირდებოდა. თუმცა, მესმის, თოფურიას რატომ ემხრობიან“.
შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეიმ „ვოლკისა“ და „ელ მატადორის“ საჩემპიონო ბრძოლაზე რამდენიმე დღის წინაც ისაუბრა და მაშინაც ალექსის გამარჯვება ივარაუდა.