„ის რომ არა, ყველაფერი უფრო ადრე გადაწყდებოდა“ - ესპანური მედია მამარდას თამაშზე
ლა ლიგის 22-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ საკუთარ მოედანზე გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ მიიღო და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
ქართველი მეკარე „ღამურების“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩი 6 სეივით დაასრულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მამარდაშვილის თამაში Sofascore-ს მიერ 7.8 ქულით შეფასდა, რაც „ვალენსიას“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
ქართველი მეკარის თამაში ესპანურმა მედიამაც შეაფასა:
AS.com – „ატლეტიკო“ დღევანდელ შეხვედრაში შესანიშნავი იყო და „ვალენსიას“ სერია დამსახურებულად დაასრულა. რომ არა გიორგი მამარდაშვილი, თამაშის ბედი მემფისის გოლამდე უფრო ადრე გადაწყდებოდა. ქართველმა მეკარემ აქტივში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაიწერა.
Fichajes.com - გიორგი მამარდაშვილმა თავისი სეივების მორიგი ზღაპრული რეპერტუარი შემოგვთავაზა. მის კართან გამუდმებით იქმნებოდა სახიფათო მომენტები, რომელსაც ქართველი თავს ბრწყინვალედ ართმევდა.
„ვალენსია“ 22-ე ტურის შემდეგ „ლა ლიგის“ სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება. მამარდაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ალმერიასთან“ გამართავს.