უსახური მატჩი ხვიჩას გარეშე - ნაპოლის ნულოვანი ფრე ლაციოსთან
იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ლაციოს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.
დღევანდელი შეხვედრა ყვითელი ბარათების გამო ხვიჩა კვარაცხელიამ გამოტოვა. ქართველი ფეხბურთელის გარდა, სტადიო ოლიმპიკოზე სხვადასხვა მიზეზებით ვერ ითამაშეს ფრანკ-ზამბო ანგისამ, კაიუსტემ, ალექს მერეტმა, ნათანმა, მატიას ოლივეირამ, ვიქტორ ოსიმენმა და ჯოვანი სიმეონემ.
უდიდესი დანაკლისის ფონზე, ლოგიკურიც იყო, რომ დღეს ნეაპოლელებს საუკეთესო თამაში არ ექნებოდათ. ეს იმაშიც მოწმობს, რომ ვალტერ მაცარის ფეხბურთელებმა მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქის კარისკენ მხოლოდ 5-ჯერ დაარტყეს და აქედან ზუსტი არცერთი ყოფილა. „ნაპოლის“ თავიდანვე ეტყობოდა, რომ მთავარი მიზანი თამაშის არწაგება იყო და ძირითადი აქცენტი დაცვაში კარგ თამაშზე გაკეთდა, რამაც შედეგიც გამოიღო. „პარტენოპეის“ ფეხბურთელებმა რომაელებს კარის მიმართულებით 10-ჯერ დაარტყმევინეს, თუმცა, კარის ჩარჩოში ბურთი მხოლოდ ერთხელ წავიდა და გოლინის მოგერიება არ გასჭირვებია.
ხვიჩა კვარაცხელია, ისევე როგორც კაიუსტე და ჯოვანი სიმეონე გუნდს მომდევნო შეხვედრისთვის დაუბრუნდებიან, რომელიც „ნაპოლიმ“ 4 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ვერონას“ წინააღმდეგ, თბილისის დროით 18:00 საათზე უნდა გამართოს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩის შემდეგ, „ნაპოლიმ“ სატურნირო ცხრილში 32 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზე იმყოფება.