არველაძის გუნდის კარგი მატჩი - კარაგიუმრიუკმა რიზესპორი გაანადგურა
თურქეთის სუპერ ლიგის 23-ე ტურში შოთა არველაძის „კარაგიუმრიუკი“ საკუთარ მოედანზე გათამაშების მეხუთე ადგილოსან „რიზესპორს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხა.
შოთა არველაძის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. მასპინძლებმა მეტოქის კარის მიმართულებით 17-ჯერ დაარტყეს, აქედან 5-ჯერ კარის ჩარჩოში, საპასუხოდ კი საკუთარი კარისკენ მხოლოდ 5 დარტყმა მიიღეს (3 ზუსტი).
ანგარიში ეისეიჩმა პირველი ნახევრის მიწურულს, 38-ე წუთზე გახსნა და „კარაგიუმრიუკმა“ ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო.
არველაძის გუნდმა მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. სხვაობა ორბურთამდე 66-ე წუთზე, დურსუნმა გაზარდა. 75-ე წუთზე მერკანმა მეტოქის კარში მესამე გოლი გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი 85-ე წუთზე კელესმა დააფიქსირა.
მატჩის მიმოხილვა:
23 ტურის შემდეგ „კარაგიუმრიუკი“ სუპერ ლიგის სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს. შოთა არველაძემ თურქულ კლუბში დანიშვნის შემდეგ 5 შეხვედრა მოიგო, 7 წააგო, ერთიც კი ფრედ ითამაშა. „კარაგიუმრიუკი“ მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს, სტუმრად, „ჰატაისპორთან“ გამართავს.