ჰამბურგი, ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

ბუდუს მე-6 გოლი - კარლსრუემ ჰამბურგს 7-გოლიან თრილერში მოუგო

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მორიგ ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ სტუმრად „ჰამბურგს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში მინიმალური სხვაობით, 3:4 დაამარცხა.

ქართველი შემტევი პირველივე წუთებიდან „კარლსრუეს“ შემადგენლობაში იყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა. ზივზივაძემ მესამე გოლის ეპიზოდში გამოიჩინა თავი და როდესაც ანგარიში 2:2 იყო, საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

სტუმრები შეხვედრის დებიუტში ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ და თითქოს, საქმე გამარჯვებამდე მარტივად უნდა მიეყვანათ. მე-3 და მე-6 წუთებზე, მატანოვიჩმა „ჰამბურგის“ კარში დუბლი შეასრულა, თუმცა, „კარლსრუემ“ უპირატესობა პირველივე ტაიმში გაანიავა. მასპინძლებმა 33-ე და 35-ე წუთებზე გატანილი გოლებით წონასწორობა აღადგინეს და პირველი ნახევარი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ბუდუ ზივზივაძემ თავისი გუნდის დაწინაურება შეძლო. ქართველმა შემტევმა ორ მცველს შორის თავი კარგად გაითავისუფლა და პირისპირ დარჩენილ მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ზივზივაძის გოლს სოციალურ ქსელში „კარლსრუეც“ გამოეხმაურა და ქართველ ფეხბურთელზე ასეთი სიტყვები დაწერა: „ეს ბიჭი ფენომენია“.

62-ე წუთზე „ჰამბურგმა“ წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა, თუმცა, მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე სტუმართა კაპიტანმა, მარვინ ვანიცეკმა მეოთხე გოლის გატანა შეძლო, რაც საბოლოოდ, გამარჯვების გოლიც აღმოჩნდა.

ჰამბურგი 3:4 კარლსრუე - ყველა გოლი

ბუდუ ზივზივაძისთვის, ეს გოლი მიმდინარე სეზონში მე-6 იყო, საერთო ჯამში კი ქართველმა შემტევმა მეორე ბუნდესლიგაში მე-18 მატჩი ჩაატარა.

19 ტურის შემდეგ „კარლსრუე“ სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-8 პოზიციაზე აღზევდა და სამეულში მოხვედრას 8 ქულა აშორებს. ბუდუ ზივზივაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ვიენის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ორი მხეცი“ - ესპანური AS-ის სტატია მამარდაშვილსა და ობლაკზე
„ორი მხეცი“ - ესპანური AS-ის სტატია მამარდაშვილსა და ობლაკზე