სტეფ კარი, გოლდენ სტეიტ უორიორსი, ლებრონ ჯეიმსი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი
Aa
Aa

საოცრებები 7 წამით ადრე - ლებრონის სამმაგი დუბლი და კარის 46 ქულა

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ყველაზე გამორჩეული შეხვედრა ოკლენდში შედგა, სადაც „გოლდენ სტეიტმა“ „ლეიკერსს“ უმასპინძლა და დაძაბულ, სანახაობრივ ტრილერში ოვერტაიმში 144:145 დამარცხდა.

პირველი ტაიმი „ლეიკერსმა“ 5-ქულიანი უპირატესობით მოიგო, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ, „გოლდენმა“ მესამე მეოთხედი 36:23 მოიგო და წინ გაიჭრა. ლოს ანჯელესელებმა დასკვნითი 12 წუთი კარგად ითამაშეს და 27:19 მოიგეს.

გამარჯვებულის ბედი დამატებით 5 წუთში გადაწყდა, სადაც ნამდვილი სიგიჟე ვიხილეთ და საბოლოოდ უკეთესი „ლეიკერსი“ იყო - 27:26.

სირენამდე 7 წამით ადრე, „გოლდენ სტეიტი“ 141:143-ს აგებდა, რა დროსაც სტეფ კარიმ სამქულიანი გაუშვა და ჩააგდო - 144:143! თუმცა ჯერ ყველაფერი წინ იყო. სტუმრებს 4.7 წამი დარჩათ შესატევად, ბურთის გათამაშების შემდეგ, ლებრონი საჯარიმოში შეიჭრა, მისი შეჩერება ვერავინ შეძლო და საბოლოოდ დაჯარიმდნენ. „მეფემ“ ორივე საჯარიმო ზუსტად ისროლა და „ელეი“ 145:144 დაწინაურდა. საბოლოოდ, ოკლენდელებმა 1.2 წამში ვერაფერი მოასწრეს და დამარცხდნენ.

39 წლის ლებრონმა შეხვედრა ფენომენალურად ჩაატარა და სამმაგი დუბლი გაიფორმა - 47:40 წუთში 36 ქულა, 20 მოხსნა და 12 გადაცემა. „მეფე" NBA-ს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 30-ქულიანი სამმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ჯეიმსმა მოხსნებში კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ენტონი დევისს 29 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა. დეანჯელო რასელს 28 ქულა.

„გოლდენის“ მხრიდან 46 ქულითა და 7 გადაცემით სტეფ კარი იყო საუკეთესო. კლეი ტომპსონმა 24 ქულა ჩააგდო. დრეიმონდ გრინს 8 ქულა, 14 მოხსნა და 11 გადაცემა ჰქონდა. კრის პოლს ტრავმის გამო არ უთამაშია.

ამ მატჩის შემდეგ, დასავლეთ კონფერენციაში „გოლდენ სტეიტი“ 19 მოგებითა და 24 მარცხით მე-12 ადგილზეა. „ლეიკერსი“ კი 24 მოგებითა და 23 მარცხით მე-9 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძე: „საქართველო ულამაზესი ქვეყანაა და ძალიან მიყვარს“
ბითაძე: „საქართველო ულამაზესი ქვეყანაა და ძალიან მიყვარს“