გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძე: „საქართველო ულამაზესი ქვეყანაა და ძალიან მიყვარს“

„ორლანდო მეჯიქის“ ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე, Orlando Magic Pod Squad-ის სტუმარი იყო. ფლორიდელთა ცენტრმა საქართველოზე, დატვირთულ კალენდარსა და ზაზა ფაჩულიაზე ისაუბრა.

დატვირთული კალენდარი

„უცნაურ მდგომარეობაში ვარ, რადგან მატჩებს შორის 3-დღიანი შესვენება იშვიათად გვაქვს. სეზონი ძალიან გრძელი და დატვირთულია, რის გამოც, დასვენების საშუალება არ გეძლევა. იმდენად გიჟური კალენდარია, ზოგჯერ არც კი ვიცი, სად მივფრინავთ. თვითმფრინავზე ავდივარ და შემდეგ ვკითხულობ, სად მივდივართ. ბევრი თამაში საშუალებას გვაძლევს, ცუდი მატჩების შემდეგ, რეაბილიტაცია მოვახდინოთ და უკეთ ვითამაშოთ. კალენდარი რთულია, მაგრამ გაგვიმართლა, რომ ეს შანსი მოგვეცა და ვერ დავიწუწუნებთ“.

საქართველოში მყოფი ოჯახის წევრები

„საქართველოსთან 9-საათიანი განსხვავებაა და ოჯახის წევრებთან საუბარი ძალიან ძნელია. რთულია, ყველას ერთ დროს გვეცალოს, მაგრამ ისინი ყველაფერს მიმარტივებენ. ზოგჯერ, გვიანობამდე რჩებიან, რათა დამელაპარაკონ, ზოგჯერ კი დილით მირეკავენ. რთულია, მაგრამ 5 წელია ასე ვარ და ნელ-ნელა ყველაფერს შევეგუეთ“.

რა ენატრება ყველაზე მეტად საქართველოდან

„საწყისი წლების განმავლობაში, ქართული სამზარეულო ძალიან მენატრებოდა. ახლა კი იქაური აურა, ხალხის გვერდით ყოფნა და ქართული საუბარი მენატრება. მინდა, გარეთ გავიდე, მშობლიური ენა მოვისმინო და დავათვალიერო გზები და შენობები, რომლებსაც ბავშვობაში ვხედავდი.

საქართველო პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი ქვეყანაა და ბევრი ადგილია, რომლებსაც შეგიძლიათ, ესტუმროთ. უამრავ ლამაზ ადგილს შეხვდებით და ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს. საქართველოში ყოფნისას ყველაფერი სხვანაირია და დილით ყავის დალევაც კი საოცარი შეგრძნებაა. როცა მთხოვენ, საქართველოზე ვისაუბრო, პირველი, რასაც ვკითხულობ, არის ღვინო უყვართ თუ არა. თუ დადებით პასუხს ვიღებ, ვეუბნები, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყნიდან ვარ და ყველას ვეუბნები, რომ საქართველოს ესტუმროს. მგონი, ამ ზაფხულს 100 სტუმარი ჩამომივა, თუმცა ეს არანაირი პრობლემა არაა, რადგან ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ტურისტები და სტუმრები გვიყვარს. თუ ჩამოხვალთ, დიდ სიამოვნებას მიიღებთ“.

NBA

„ახლაც არის მომენტები, როცა არ მჯერა, რომ NBA-ში ვარ. პარკეტზე გავდივარ, ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო და სულ ესაა. ჩემი ქვეყნიდან მხოლოდ 8 კალათბურთელი მოხვედრილა NBA-ში და მათ შორის ყოფნა საოცარი შეგრძნებაა, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სიზმარში ვარ“.

ზაზა ფაჩულია

„NBA-ის ბევრი თამაშისთვის ნამდვილად არ მიყურებია. ჩვენთვის პირველ ადგილზე საქართველოს ნაკრები იდგა და მისი მაისურით მოთამაშე ფაჩულიას ხილვამ კალათბურთი შეგვაყვარა. ზაზამ გოლდენ სტეიტთან ერთად ორი ბეჭედი მოიგო და ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კალათბურთელიც გახდა. ზაზას თამაშის ყურებისას ხვდებოდი, რომ მას NBA-ში მოხვედრის იგივე შანსი ჰქონდა, ისიც საქართველოდან იყო და ა.შ, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია. ეს გაძლევდა მოტივაციას, რომ შეგეძლო, იგივე შენც გაგეკეთებინა“.

შეგახსენებთ, რომ NBA-ის მიმდინარე სეზონში, ბითაძემ მონაწილეობა 39 შეხვედრაში მიიღო და პარკეტზე საშუალოდ 20 წუთსა და 41 წამს ატარებს. გოგა საშუალოდ 6.9 ქულას, 6.4 მოხსნას, 1.7 შედეგიან გადაცემას, 0.7 ჩაჭრასა და 1.6 დაფარებას აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი: „მოურინიოს მომავალი ნაპოლის არ უკავშირდება“
დე ლაურენტისი: „მოურინიოს მომავალი ნაპოლის არ უკავშირდება“