ქვილითაიასა და დვალის გოლებით | აპოელის გამარჯვება კვიპროსის ჩემპიონატში
კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურში, გიორგი ქვილითაიასა და ლაშა დვალის „აპოელი“ სტუმრად „ნეა სალამისს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელების გუნდმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე იმარჯვა - 4:0.
ქვილითაია და დვალი ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდნენ და თავი ორივე მათგანმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის 36-ე წუთზე, ქვილითაიამ მეტოქის საჯარიმოსთან კარგად იმოქმედა და ანგარიში 2:0 გახადა, 51-ე წუთზე კი, კუთხურის შემდეგ შექმნილი არეულობით დვალმა ისარგებლა და საკუთარ გუნდს სამბურთიანი უპირატესობა მოუტანა - 3:0.
აღსანიშნავია, რომ მატჩი სრულად არც ერთ მათგანს ჩაუტარებია, რაც ანგარიშიდან გამომდინარე გასაგებიცაა. დვალი 65-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ქვილითაიამ მოედანი 81-ე წუთზე დატოვა. გეტყვით იმასაც, რომ მათ გარდა, გოლები მარკინიოსმა და ნდონგალამ გაიტანეს.
ცნობისთვის, 21 ტურის შემდეგ, „აპოელს“ 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. ქართველი ფეხბურთელების გუნდი უშუალო მდევარს 6 ქულით უსწრებს და მომდევნო მატჩი 30 იანვარს, „კარმიოტისას“ წინააღმდეგ ელის.