ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

თოფურია: „ვოლკანოვსკი შესანიშნავი ჩემპიონია, მაგრამ ჩემი დრო მოვიდა“

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. „ელ მატადორმა“ მომდევნო მეტოქეზე, ალექსანდრ ვოლკანოვსკიზე და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

„ალექსანდრ ვოლკანოვსკის უდიდეს პატივს ვცემ. ვოლკი შესანიშნავი ჩემპიონია და მოხარული ვარ, რომ ტიტულს მისნაირი მებრძოლისგან გადავიბარებ. მას ქამარი უამრავჯერ დაუცვია, მაღალ წონით დივიზიონშიც ასულა და ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონობისთვის უჩხუბია და უდიდესი გამოცდილება აქვს, მაგრამ ჩემი დროა მოსული! ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემი მომენტი დგას და ამისთვის მთელი ცხოვრებაა ვემზადები. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონი გავხდები. ჩემი მეტსახელი, რომელიც რაფაელ ნადალისა და ფერნანდო ალონსოს მსგავსია? ასეთი სპორტსმენების გვერდით ჩემი სახელის ხსენება უდიდესი პატივია.

ყველა გამოწვევას გავუმკლავდი, რაც შემხვდა და თავს უკვე გამარჯვებულად ვგრძნობ. პირადად მე, ყველაფერი გავაკეთე, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული და 17 თებერვალს უფლის ხელში ვიქნები. ღმერთი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო და ეჭვი არ მეპარება, რომ ამჯერადაც ასე იქნება. ამ წუთისთვის, 100 პროცენტით მომდევნო ბრძოლაზე ვარ ორიენტირებული და ვოლკანოვსკისთან ჩხუბისთვის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად ვარ.

მეშინია თუ არა? რა თქმა უნდა, მეშინია. თუ შენი მიზნებისა და ოცნებების გამო, შიშის გრძნობა არ გეუფლება, ე.ი საკმარისად დიდი მიზნები და ოცნებები არ გაქვს. ასეთ მომენტებში შიში გარდაუვალია. მთავარია, ის გავაკონტროლოთ და უფლება არ მივცეთ, მიზნის მიღწევაში ხელი შეგვიშალოს.

გეგმები ვოლკანოვსკისთან ჩხუბის შემდეგ? MMA-ის მებრძოლის კარიერის დაწყების დღიდან, ჩემი მიზანი იყო, მსოფლიოში საუკეთესო გავმხდარიყავი. 3 კვირაში ამ სტატუსს მოვიპოვებ და შემდეგ გარკვეული დრო დამჭირდება, რათა ახალ მიზნებზე დავფიქრდე. უამრავი ვარიანტი მექნება და მომიწევს ავირჩიო ის, რომელიც ყველაზე მეტ სარგებელს მომიტანს. UFC-ის ღონისძიება ესპანეთში 2024 წელს ჩემი მონაწილეობით? იდეალური სცენარი იქნება. მინდა, კონორ მაკგრეგორს ვეჩხუბო და ჩვენი ბრძოლა ყველა გულშემატკივრისთვის საოცარი სანახაობა იქნება. სანტიაგო ბერნაბეუზე მაკგრეგორთან დაპირისპირება ბრწყინვალე შოუ გამოვა. თუ კონორს აღარ უნდა საკუთარი თავი MMA-ს მიუძღვნას და კარიერის დასრულებას აპირებს, ვერ ვიჩხუბებთ. თუმცა თუ უნდა, აქტიური იყოს, მაშინ მე უნდა შემებრძოლოს”.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შორის საჩემპიონო ბრძოლა 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) გაიმართება და UFC 298-ის მთავარი მოვლენა იქნება. ამავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ჩხუბსაც ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას დახმარება სჭირდება“ - ნაპოლისა და ნიდერლანდების ნაკრების ექს-მცველი
„კვარას დახმარება სჭირდება“ - ნაპოლისა და ნიდერლანდების ნაკრების ექს-მცველი