„მამუს“ მცირე დრო და 4 ქულა - სან ანტონიო ოკლაჰომასთან განადგურდა
NBA-ს მორიგ ტურში, სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ საკუთარ მოედანზე „ოკლაჰომსა სიტი თანდერს“ დაუპირისპირდა და 26 ქულის სხვაობით, 140:114 განადგურდა.
სტუმრებმა მატჩის ბედი პრაქტიკულად შეხვედრის პირველ ნახევარში გადაწყვიტეს. ოკლაჰომელებმა პირველი მეოთხედი 35:28 მოიგეს, მეორე კი 28:24. მესამე პერიოდი კვლავ სტუმრების გამარჯვებით, 37:24 დასრულდა, დასკვნითი მეოთხედი კი პოპოვიჩის გუნდმა 2-ქულიანი სხვობით, 38:40 დათმო.
გრეგ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო დაუთმო, ისიც შეხვედრის დასკვნით ნაწილში. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე მხოლოდ 4 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 4 ქულის ჩაგდება მოასწრო და ასევე, 1 მოხსნაც შეასრულა. „მამუს“ ანგარიშზე ორიდან ორი ორქულიანი იყო და ერთხელ გაისროლა პერიმეტრიდან, რომელიც არაზუსტი გამოდგა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ოკლაჰომას ლიდერი, შეი გილჯეს-ალექსანდერი გახდა, რომელმაც 29 წუთში 32 ქულა, 6 მოხსნა და 10 ასისტი შეასრულა, სან ანტონიოდან კი ვიქტორ ვემბანიამა გამოირჩა - 24 ქულა, 12 მოხსნა, 4 ასისტი მოედანზე გატარებულ 27 წუთში.
44 ტურის შემდეგ, სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 8 მოგებითა და 36 მარცხით კვლავ ბოლო ადგილს იკავებს. გრეგ პოპოვიჩის გუნდს მომდევნო შეხვედრა 27 იანვარს, საკუთარ მოედანზე პორტლენდის წინააღმდეგ ელის.