დანაკლისი დიდია - ნაპოლი ლაციოსთან მატჩს სერიოზული პრობლემებით ხვდება
28 იანვარს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს მორიგ ტურში „ლაციოს“ დაუპირისპირდება.
ამ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებს, თუმცა, ქართველი ფეხბურთელი არაა ერთადერთი, რომელიც კვირას გუნდისთვის დახმარებას ვერ შეძლებს. სხვადასხვა მიზეზების გამო „ლაციოს“ წინააღმდეგ „ნაპოლის“ რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება.
როგორც უკვე გითხარით, ხვიჩა კვარაცხელია რომაული გუნდის წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მე-5 ყვითელი ბარათი სერია A-ს გასულ ტურში, „სალერნიტანას“ წინააღმდეგ მიიღო. ასევე, დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ჯოვანი სიმეონე, რომელიც მოედნიდან იტალიის სუპერთასის ფინალში, „ინტერის“ წინააღმდეგ გააძევეს.
აფრიკის თასზე გამგზავრების გამო „პარტენოპეის“ ვერ დაეხმარებიან გუნდის ლიდერები ვიქტორ ოსიმენი და ფრანკ ზამბო ანგისა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ტურნირზე გაემგზავრა კიდევ ერთი ნახევარმცველი, იენს კაიუსტე.
ასევე, ტრავმის გამო კვირას ვერ ითამაშებს მაძოკი, რომელმაც დაზიანება „ინტერთან“ მატჩში მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 21 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება, თუმცა, მაცარის გუნდს კონკურენტებთან შედარებით, ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული. „ლაციოსა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 28 იანვარს, საქართველოს დროით 21:00 საათზე გაიმართება.