სლოვანს დინამო მოსკოვთან ამხანაგური მატჩი უნდა ეთამაშა | შეხვედრა არ გაიმართება
გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას „სლოვანი“ დოჰაში იმყოფება, სადაც სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და ამხანაგურ მატჩებს მართავს. სლოვაკური კლუბის მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ასისტენტის, ლუბოშ ბენკოვსკის მიხედვით, ბრატისლაველთა ერთ-ერთი მეტოქე, „დინამო მოსკოვი“ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვითარება შეიცვალა.
ბენკოვსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „სლოვანსა“ და „დინამო მოსკოვს“ შორის ამხანაგური მატჩის გამართვა იგეგმებოდა, თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ, სტატუსი შეცვალა. მის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და „სლოვანს“ აქტიურად მოუწოდეს, რუსულ კლუბთან არ ეთამაშა.
„დინამო მოსკოვთან“ გასამართ მატჩთან დაკავშირებით, პოზიცია პრაღის „სლავიას“ პრეზიდენტმა, იაროსლავ ტვრდიკმაც დააფიქსირა, ვის გუნდსაც „სლოვანი“ 4 თებერვალს უნდა შეხვდეს. „მაშინ სლოვანთან არ ვითამაშებთ“, - დაწერა ტვრდიკმა სოციალურ ქსელში და საკუთარ განცხადებას უკრაინის მხარდასაჭერი ფოტო დაურთო.
To si potom pripravny zapas nezahrajeme ❤️???? pic.twitter.com/FZSC0hHuC2
— Jaroslav Tvrdik (@JaroslavTvrdik) January 22, 2024
სლოვაკური პრესის ინფორმაციით, ბრატისლავურმა კლუბმა პოზიცია შეცვალა და „დინამო მოსკოვთან“ ამხანაგურ შეხვედრას აღარ გამართავს.