„გამოსვლებზე საერთოდ სხვა მეკარეა“ | Superdeporte მამარდას პროგრესზე წერს
ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, Superdeporte-მ „ვალენსიას“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. მასში მიმდინარე სეზონში „მამარდას“ ნაჩვენებ თამაშსა და მის მიერ მიღწეულ პროგრესზეა საუბარი.
„გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია. კარში საიმედოა, ლიდერად უფრო და უფრო ხშირად გვევლინება და რეფლექსების წყალობით, საკუთარ ოსტატობასაც გვიჩვენებს. ბოლოს მან ბილბაოს წინააღმდეგ ითამაშა და უნაი გომესის დარტყმის შემდეგ, გამორჩეული სეივი მიითვალა. მისმა მარცხენა ხელმა (გომესის დარტყმა მარცხენა ხელით აიღო) მესტალიაზე მყოფი გულშემატკივრები ფეხზე წამოაყენა და გიორგის რეაქცია ამ მომენტზე, კიდევ ერთი მაგალითია იმისა თუ რამხელა პროგრესს მიაღწია.
მამარდაშვილი, გამოსვლაზე თამაშის მხრივ, საერთოდ სხვა მეკარეა. შეცდომებს კვლავ უშვებს, მაგრამ ამ ასპექტში დიდი წინსვლა აქვს, რაშიც რუბენ ბარახა დაეხმარა. ქართველმა ფეხბურთელმა იდეალურად გაითავისა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი უნდა იყოს და მოედანზე მისი დამოკიდებულება შეიცვალა.
ცვლილებების შედეგად, მამარდაშვილი გასული სეზონის შედეგს უკვე გაუთანაბრდა და კარი მშრალად მე-7 შეხვედრაში შეინახა. მისი ახალი მიზანი მარსელინო გარსია ტორალის გუნდის მიერ დაფიქსირებული შედეგის გამეორებაა, რომლის ბიჭებმაც 2018/19 წლების სეზონში 38 მატჩიდან კარი მშრალად 13-ჯერ შეინახეს. 2021/22 წლების სეზონში, ვალენსიამ გოლი 12 შეხვედრაში არ გაუშვა. მათგან 8 მამარდაშვილის ანგარიშზეა, სამი - სილესენის, ერთი - ხაუმესი. მოკლედ რომ ვთქვათ, გიორგის ერთი მშრალი მატჩი უკლია საკუთარ რეკორდამდე და საუკეთესო სიახლე ისაა, რომ ეს ხდება სეზონში, რომელიც მძიმედ დაიწყო, რადგან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მასზე ხშირად წერდნენ და შეიძლებოდა, ვალენსიას ერთ-ერთი უდიდესი ტრანსფერის მთავარი გმირი გამხდარიყო.
ღამურების ფეხბურთელი ამ მომენტისთვის, ლა ლიგის საუკეთესო მეკარეთა შორისაა. თუმცა, ჰყავს რამდენიმე კონკურენტი, რომლებიც ასევე მაღალ დონეზე თამაშობენ. სოსიედადისა და ბილბაოს მეკარეებს, ალექს რემიროსა და უნაი სიმონს კარი მშრალად 9-9-ჯერ აქვთ შენახული. რაიოს გოლკიპერმა, სტოლე დიმიტრიევსკიმ ეს 8-ჯერ მოახერხა, დავიდ სორიას კი გიორგისნაირი შედეგი აქვს“, - წერს ესპანური გამოცემა.
ცნობისთვის, „ვალენსიას“ 32 ქულა აქვს, ზედიზედ 4 შეხვედრაში იმარჯვა და ევროტურნირების საგზურებისთვის იბრძვის. „ღამურები“ მომდევნო მატჩს 29 იანვარს გამართავენ და „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდებიან.