Gazzetta: „ლიდერის ჟესტი კვარასგან!“ | რა დააფიქსირეს კამერებმა ფინალის შემდეგ
იტალიის სუპერთასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.
ქართველი ფეხბურთელი ნაპოლის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა, იან ზომერს ვერ აჯობა. ვალტერ მაცარიმ ხვიჩა 70-ე წუთზე, გაეტანოთი შეცვალა.
კვარა VS ინტერი
La Gazzetta dello Sport-ი დღევანდელ გამოცემაში საფინალო სასტვენის შემდეგ, ხვიჩას ჟესტზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც გაზეთი წერს, შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა შემტევმა ლიდერის თვისებები გამოავლინა.
რა წერია სტატიაში:
მატჩის ბოლოს, როდესაც „ნაპოლის“ ფეხბურთელები ერთმანეთს ეძებდნენ, სატელევიზიო კადრებმა კვარაცხელია თანაგუნდელებთან ერთად დააფიქსირა. ხვიჩა თითოეულ ფეხბურთელს ამხნევებდა და მკერდზე ხელს ურტყამდა, რაც დიდ სიამაყესა და ამავდროულად, დიდ იმედგაცრუებაზე მიუთითებდა. მან ნამდვილი ლიდერის თვისებები გამოამჟღავნა.
შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ 91-ე წუთზე, ლაუტარო მარტინესის გოლით მოიგო და სუპერთასის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მერვედ იზეიმა.
ნაპოლი 0:1 ინტერი