შელაპარაკება ნაცნობ მეტოქესთან და ორმაგი ტექნიკური | ბითაძის 8 წუთი კლივლენდთან
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ კედლებში გამართულ ბოლო 4 შეხვედრაში მესამედ დამარცხდა. „მინესოტა ტიმბერვულვზისა“ და „ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ შემდეგ, ქართველი კალათბურთელის გუნდს „კლივლენდ კავალიერსმაც“ მოუგო და 126:99 გაანადგურა.
გოგამ სათამაშო დრო მაშინ მიიღო, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და საფინალო სირენამდე 9 წუთით ადრე, მისი გუნდი 31 ქულით აგებდა. ბითაძემ პარკეტზე 8 წუთი და 37 წამი გაატარა და მის ანგარიშზე 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაა. 24 წლის ცენტრმა ეფექტური ჩატენვა შემოგვთავაზა და 1 მოხსნა მეტოქის ფარზე მიითვალა.
საინტერესოა, რომ მატჩის მიმდინარეობისას, ბითაძესა და ჯორჯ ნიანგს შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც ორივე კალათბურთელი ტექნიკური ჯარიმით დაისაჯა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბითაძესა და ნიანგს შორის კონფლიქტი ხდება. „ინდიანაში“ ყოფნისას, გოგას გუნდი „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ ხვდებოდა, რომლის ღირსებას მაშინ ნიანგი იცავდა. ქართველი ცენტრი მასზე დაჯარიმდა, რაც ამერიკელ კალათბურთელს არ მოეწონა და გოგას სიტყვიერად დაუპირისპირდა. მსაჯებმა მომენტი გადაამოწმეს და საბოლოოდ, ნიანგმა 2 საჯარიმო სროლა შეასრულა, რომელთა დროსაც, „ფილადელფიას“ რეპორტიორის, ჯასტინ პერსიკეტის მიხედვით, გოგას უთხრა: „არ მაიძულო, ჩემი ბიჭი, ფურკი (ფურკან კორკმაზი, რომელსაც დუდა სანაძესთან ევრობასკეტზე კონფლიქტი მოუვიდა) გამოვიყვანო“.
Oh no! Georges Niang definitely just said to Goga Bitadze, “Don’t make me get my man Furk out here…” while at the free throw line! #Sixers
— Justin Persicketti (@j_persicketti) October 24, 2022
გეტყვით იმასაც, რომ „ორლანდოს“ მაისურით ყველაზე მეტი, 18 ქულა პაოლო ბანკერომ დააგროვა. ფრანც და მორიტც ვაგნერებს 17 და 15 ქულა ჰქონდათ, ხოლო უენდელ კარტერ ჯუნიორის ანგარიშზე 10 ქულა და 9 მოხსნა იყო. „კლივლენდის“ რიგებში საუკეთესო სემ მერილი იყო - 26 ქულა, 13-დან 8 სამქულიანი. დონოვან მიტჩელმა 25 ქულა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ნიანგს 11 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა.
ცნობისთვის, ბითაძის „ორლანდოს“ 23 მოგება და 21 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე გახლავთ. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე „მემფის გრიზლისია“, რომელსაც 27 იანვარს სტუმრად დაუპირისპირდება.