„ნაპოლის ფეხბურთელები 10 კაცითაც ლომებივით იბრძოდნენ“ - ინძაგი ფინალის შემდეგ
იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერმა“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა იზეიმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ნერაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ იტალიურ მედიასთან გავლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა ინძაგიმ:
პირველ რიგში, ნაპოლის კომპლიმენტები უნდა ვუთხრა. მათ შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს და 10 კაცით ლომებივით იბრძოდნენ. ჩემს გუნდს კი ვულოცავ მორიგი ტიტულის მოგება. ნახევარფინალიდან 60 საათის შემდეგ ფინალის თამაში ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო და ამას თავი ბრწყინვალედ გავართვით. დიდი კონცენტრაციით ვთამაშობდით და თავს კარგად ვიცავდით. პირველ ტაიმში დიმარკოს დარტყმით გოლის გატანა შეგვეძლო, მეორე ნახევარში კი შედარებით გაგვიჭირდა. შევხვდით გუნდს, რომელმაც კარგად იცოდა რა უნდა გაეკეთებინა მოედანზე.
მე-5 სუპერთასი კარიერაში? მე კმაყოფილი ვარ ბიჭების მუშაობით და იმ კამპანიისთვის, რაც ამ 3 წლის განმავლობაში არასდროს გვაკლდა. ასევე, მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც აქ ჩამოსასვლელად გრძელი გზა გამოიარეს. ეს გოლიც, რომელიც დღეს გავიტანეთ, მათი დამსახურება იყო.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ კარში ერთადერთი გოლი 91-ე წუთზე, ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. შედეგად, „ინტერმა“ სუპერთასი ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მერვედ მოიგო, სიმონე ინძაგის კარიერაში კი ეს ტიტული მეხუთედ ერგო.
ნაპოლი 0:1 ინტერი