ინტერი სუპერთასის გამარჯვებულია - ხვიჩამ 70 წუთი ითამაშა
იტალიის სუპერთასის ფინალში იტალიის ჩემპიონის რანგში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ კოპა იტალიას გამარჯვებულ „ინტერს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 70 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ხვიჩა აქტიური იყო და მეორე ნახევარში მეტოქის კართან კარგი საგოლე ეპიზოდიც შექმნა, თუმცა, იან ზომერს ვერ აჯობა.
კვარა VS ინტერი
მე-60 წუთზე, „ნაპოლის“ შემტევმა, ჯოვანი სიმეონემ აჩერბისთან უხეშობის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მთავარმა მსაჯმა მოედნიდან გააძევა, რამაც „პარტენოპეის“ მდგომარეობა საგრძნობლად დაამძიმა. ეპიზოდიდან ზუსტად 10 წუთში ვალტერ მაცარიმ ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან გაიყვანა და მის მაგივრად მოედანზე გაეტანო გამოიყვანა.
გამარჯვების გოლი შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე ლაუტარო მარტინესმა გაიტანა და საბოლოოდ, „ინტერმა“ იტალიის სუპერთასი ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მერვედ მოიგო.
„ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრა 28 იანვარს, „ლაციოსთან“ ელის, თუმცა, ხვიჩა კვარაცხელია ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.