მოურინიოს ულტიმატუმი ნაპოლის | რას აპირებს დე ლაურენტისი
„რომას“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს იტალიის დატოვება არ უნდა და სურს, კარიერა სერია A-ში გააგრძელოს. „ჯალოროსიდან“ დათხოვნის შემდეგ, მისმა აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა „მოუს“ კანდიდატურა „ნაპოლის“ შესთავაზა და ამ თემასთან დაკავშირებით, იტალიურ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
RAI-ის ცნობით, მოურინიოს წარმომადგენლებმა „პარტენოპეის“ ულტიმატუმი წაუყენეს და სურთ, კლუბისგან პასუხი მომდევნო 48 საათის განმავლობაში მიიღონ. ნეაპოლელთა პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ნაჩქარევი არჩევანის გაკეთებას არ აპირებს და მენდეშისგან მეტი დრო ითხოვა.
RAI-ის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ჟოზეს ულტიმატუმის გამო, დე ლაურენტისის ინტერესი დაიკლებს და იგი სხვა კანდიდატებზე გადაერთვება. ნეაპოლელთა პირველი პირის მთავარი სამიზნე ანტონიო კონტეა, მაგრამ დე ლაურენტისს მისი დაყოლიება უჭირს. როგორც იტალიური გამოცემა წერს, ამ მომენტისთვის, შანსი, რომ მომდევნო სეზონში „ნაპოლის“ თავკაცი ჟოზე იყოს, დაბალია.
შეგახსენებთ, რომ მოურინიოს სერია A-ში მილანის „ინტერსა’’ (2008-10) და „რომაში’’ (2021-24) უმუშავია. მილანურმა კლუბმა მისი ხელმძღვანელობით „სკუდეტო“ (2008-09, 2009-10), იტალიის თასი (2009-10), იტალიის სუპერთასი (2008) და ჩემპიონთა ლიგა (2009-10) მოიგო. „განსაკუთრებულის“ გაწვრთნილმა „რომამ“ კონფერენს ლიგის თასი მოიპოვა (2021-22) და ევროპა ლიგის ფინალში „სევილიასთან'' დამარცხდა (2022-23).