ბითაძემ სათამაშო დრო ვერ მიიღო | ორლანდომ მაიამის შანსი არ დაუტოვა
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ქართველი კალათბურთელის გუნდი საკუთარ კედლებში „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდა და ძლიერი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა - 105:87.
„ორლანდოს“ თავკაცმა, ჯამალ მოზლიმ ბითაძე მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დატოვა. გოგამ სათამაშო დრო 22 დეკემბრის შემდეგ პირველად ვერ მიიღო და მის ნაცვლად სასტარტოში უენდელ კარტერ ჯუნიორი გამოჩნდა, მეორე ცენტრის ფუნქციები კი მორიტც ვაგნერმა შეითავსა.
„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო - 20 ქულა, 10 მოხსნა. ფრანც ვაგნერმა, რომელმაც ტრავმა ახლახან მოიშუშა, 19 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ზემოთ ხსენებულმა კარტერ ჯუნიორმა 17 ქულა, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, მარკელ ფულცს კი 12 ქულა ჰქონდა. „მაიამის“ მხრიდან ბემ ადებაიო უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც მატჩი 22 ქულით, 11 მოხსნითა და 7 ასისტით დაასრულა. ჯიმი ბატლერს 15 ქულა ჰქონდა.
ამრიგად, „ორლანდოს“ 23 მოგება და 20 წაგება აქვს. ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე გახლავთ და მომდევნო შეხვედრა 23 იანვარს ელის, როცა საკუთარ კედლებში „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდება.