დვალის გოლი და ქვილითაიას ასისტი - აპოელმა დიდი ანგარიშით მოიგო
კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ქართველების „აპოელი“ საკუთარ მოედანზე „ოთელოსს“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 6:0 გაიმარჯვა.
გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი პირველივე წუთებიდან ნიქოზიელთა შემადგენლობაში იყვნენ და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშეს. მნიშვნელოვანია, რომ თავის გამოჩენა ორივე ქართველმა შეძლო. ლაშა დვალმა 36-ე წუთზე ანგარიში 4:0 გახადა. მატჩის მიწურულს კი გიორგი ქვილითაიამ საგოლე გადაცემა მიითვალა და თანაგუნდელ ჯეფტის გაატანინა, რითაც საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
ლაშა დვალისთვის ეს გოლი მიმდინარე სეზონში პირველი იყო. ქართველმა მცველმა „აპოელის“ შემადგენლობაში ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და თავი 1 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა. რაც შეეხება ქვილითაიას, კვიპროსის ჩემპიონატში 30 წლის შემტევის ანგარიშზე 15 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
20 ტურის შემდეგ, „აპოელი“ კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 45 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან „ანორთოსისს“ 5 ქულით უსწრებს. ნიქოზიელები მომდევნო შეხვედრას 26 იანვარს, სტუმრად „ნეა სალამისის“ წინააღმდეგ გამართავენ.