ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი, ისლამ მახაჩევი, შონ ომალი, ალექსანდრე თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„კონორს პირველ რაუნდში დავამარცხებ, ვოლკანოვსკის კი...“ - თოფურიას ვრცელი ინტერვიუ

UFC-ის ქვე-მსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ესპანურ გამოცემა ABC.es-ს ვრცელ ინტერვიუს აძლევს, რომელშიც ქართველი მებრძოლი ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გასამართ საჩემპიონო ბრძოლასა და ბევრ საინტერესო საკითხზე საუბრობს.

ილია თოფურია:

წონის კლებასა და მოსამზადებელი ეტაპის სირთულეებზე: ვერ ვიტყვი, რომ ეს სამზადისი ყველაზე რთულია, რაც აქამდე მქონია, მაგრამ ნამდვილად არის ყველაზე პროფესიონალური, რაც აქამდე ყოფილა. ყველაფერი წინასწარ დავგეგმეთ და არ გვინდა, რაიმე სახის პრობლემა გვქონდეს, არც წონის დაკლებაში და არც არაფერში. ყველა სახის შემთხვევა განვიხილეთ, რასაც მთელი საწვრთნელი ბანაკის განმავლობაში შეიძლება შევხვდეთ. ასე რომ, ყველაფერი იდეალურად მიდის, იმაზე უკეთესადაც, ვიდრე ოდესმე ყოფილა და მზად ვარ ყველაფრისთვის. ვგრძნობ, რომ ეს შესაძლებლობა ჩემი ცხოვრების საუკეთესო ეტაპზე მივიღე.

სტრატეგია ვოლკანოვსკის წინააღმდეგ: ჩემი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა მის გონებაში შეღწევა, არ ვაპირებ მის გასაღიზიანებლად რაიმეს თქმას, რასაც ვიძახი, უბრალოდ სიმართლეს ვამბობ, ესაა ის, რასაც ვგრძნობ და რასაც ვფიქრობ. თუ ჩემმა სიტყვებმა მის გონებაში შეძლეს შეღწევა, ეს უბრალოდ მისი პრობლემაა და თუ არა, მაშინ 17 თებერვალს შევალ მის გონებასა და სხეულში.

ვოლკანოვსკიმ თქვა, რომ ბრედ რიდელთან სპარინგობს. ზუსტად არ ვიცი, მას UFC-ში მგონი 2 მოგება და 30 წაგება აქვს. და ამ ადამიანზე ამბობს, რომ მე მბაძავს... როგორც ჩანს, თავისმა ბოლო ჩხუბმა დაღი დაასვა და კვალი დაუტოვა, თუ ფიქრობს, რომ მას მართლა შეუძლია ჩემი მიბაძვა.

ის გეგმავს, რომ მე განსხვავებული სტილით შემხვდეს. მე არ ვარ მაქს ჰოლოუეი, არც ჟოზე ალდო, არც ბრაიან ორტეგა, ან სხვა ვინმე, ვისაც წარსულში შეხვედრია. ილია თოფურია სრულიად განსხვავებული ადამიანია, ვიდრე ის, ვისაც აქამდე შეხვდა. სიმართლე იმაშია, რომ მე ეს ყველა მომენტი მსიამოვნებს, მიყვარს მთელი ეს პროცესი. ენთუზიაზმითა და სიამაყით მავსებს მთელი ეს საწვრთნელი პროცესი, რომელსაც მომზადების პერიოდში გავდივარ. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ამ მომენტისთვის ვემზადებოდი. დიდ სიამოვნებას ვიღებდი მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ ის ადამიანი გავხდებოდი, ვინც 17 თებერვლის ბრძოლას მიიღებდა.

ვოლკანოვსკის სიტყვები და მუქარა დაუმარცხებლის სტატუსის შეწყვეტაზე: ყველას შეუძლია თავისი აზრი ჰქონდეს. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მის აზრთან. თუ თვლის, რომ ამპარტავანი ვარ, მაშინ დარჩეს ამ აზრზე. მე არ ვფიქრობ, რომ ქედმაღალი ვარ, ამას თავდაჯერებულობა ჰქვია. მე არასდროს გადამიკვეთია ზღვარი და არასდროს შევსულვარ მის პირად ცხოვრებაში, არ განმიკითხავს მისი რელიგია, მისი ოჯახური ცხოვრება, ან რაიმე მსგავსი. უბრალოდ, კომენტარი მის სპორტულ კარიერაზე გავაკეთე. თუ ამ თამაშს ვთამაშობ, ეს მხოლოდ მოსაგებად ხდება და მჯერა, რომ გამარჯვების შანსი მაქვს. მჯერა, რომ ოქტაგონზე საუკეთესო ვარ. თუ ამის გამო ამპარტავანს მეძახიან, მაშინ რა გავაკეთო?

ვოლკანოვსკისა და მახაჩევის ბრძოლა. ავსტრალიელის ტიტულები და ილიას ძლიერი მხარე: მას დამსახურებებს არ დავუკარგავ. ის მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონია და ეს რაღაც მიზეზით მოხდა. მასში აშკარა სუსტ წერტილებს ვხედავ, ბევრ სუსტ წერტილს. ის ყოველ ჯერზე იცავდა თავის ტიტულს, რადგან ჩემნაირი მეტოქე არასდროს ჰყოლია. 17 თებერვალს ყველა დაინახავთ რაც დაემართება. მანამდე დატკბით ამ მემკვიდრეობით, სანამ არ მოვალ და არ წავართმევ.

ვოლკანოვსკის სავარაუდო ტაქტიკა: დარწმუნებული ვარ, ჩემთან დარტყმების გაცვლას არ მოინდომებს, რადგან მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვინც ჩემთან ბრძოლას შეძლებს და დარტყმებს გაცვლის. ის არის ადამიანი, ვინც მშვიდად დაიძინებს. დისტანციის შენარჩუნებას ეცდება, მაგრამ სწორედ ამ დროს ნახავთ ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს, თუ როგორ შევძლებ ამ დისტანციის დახურვას. მას შეუძლია იმდენი სივრცე ჰქონდეს, რამდენიც უნდა, მაგრამ მე ჩემი ძლიერი მხარეები მაქვს.

ამბობს, რომ ჩემს დაუმარცხებელ სერიას დაასრულებს. მოვიდეს და სცადოს! ცდება, თუ ჰგონია რომ დამამცირებს, მოვიდეს. 17 თებერვალს, როცა რვაკუთხედში ჩაგკეტავენ, იქ მხოლოდ მე და ის დავრჩებით, სხვა არავინ... გააკეთოს რაც შეუძლია, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ჩემს წინააღმდეგ ბევრი რამის გაკეთება შეძლოს. ამბობს, რომ ჭკუა უნდა მასწავლოს, უნდა, რომ მასწავლებელი გახდეს, მაგრამ რამდენ „მასწავლებელს“ წავართვი ენთუზიაზმი? ის კიდევ ერთი იქნება. დღეების საკითხია, რომ მსოფლიოში საუკეთესო გავხდე და ამაში ეჭვი არ მეპარება. ჩემი ვარჯიში რომ ნახოთ, თქვენც იმავეს იტყვით.

ჩვენ კარგად ვაანალიზებთ მის სტილს. ბევრს მოძრაობს, მაგრამ ყველაფერი დროზეა, ხომ ასეა? ის ყველაზე კარგ სტრატეგოსს შეხვდება, რომელიც მას თამაშიდან გათიშავს და აიძულებს, ის თამაში ითამაშოს, რაც მე მინდა.

ზეიმი ესპანეთში ქამრის მოგების შემთხვევაში: ჩემი გუნდი ამაზე მუშაობს. აუცილებლად გაკეთდება რაღაც სახის ღონისძიება. მინდა, რომ ემოცია და წარმატება ყველა იმ ადამიანს გავუზიარო, რომელიც თავიდანვე მომყვება და ჩემი სჯერა.

სამომავლოდ ისლამთან ბრძოლა: რა თქმა უნდა, ამით შეიძლება დავინტერესდე, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ის ჩემპიონია და კარგი მეტოქეები დაამარცხა. კარგი გზა გაიარა და არაფერი დაუკარგავს. თუ მკითხავთ, ორგანიზაციაში ტექნიკურად თავს ყველაზე ძლიერად ვგრძნობ, ამის დამტკიცება მხოლოდ დროის საკითხია. ერთი მეორეს ხელს არ უშლის. მათი განვლილი გზა უნდა დავაფასოთ, ისინი არიან მებრძოლები, რომლებსაც ასევე მოუწიათ მძიმე შრომა და ტანჯვა საკუთარი გზის გასაკვალად. ისლამი, ვოლკანოვსკი, კონორი... ყველას გზას პატივს ვცემ. მე და ისლამი ერთ დღეს აუცილებლად ვიბრძოლებთ, ეს გარდაუვალი იქნება. ყოველთვის ამ წონაში დარჩენას არ ვაპირებ, ზემოთაც ავალ და როცა ამას გავაკეთებ, მასთან ამ წონის ჩემპიონის რანგში ვიჩხუბებ.

ესპანეთში ბრძოლა: შემდეგი ბრძოლა 99%-ით ესპანეთში შედგება. UFC ესპანეთში რეალურია. ეს აუცილებლად მოხდება 2024 წელს.

შონ ომალისთან შესაძლო ბრძოლა: ის ძალიან კარგი მებრძოლია, ძალიან თვალსაჩინო სტილი აქვს, კარგი თაიმინგი და კარგი რეფლექსები. მძიმე და ზუსტი ხელი აქვს. ბევრი ამბობს, რომ მარტივი ბრძოლა იქნება, მაგრამ ასე არ ვფიქრობ. ის მსოფლიო ჩემპიონია. რას მოვიგებ მასთან დაპირისპირებით? ახლა ჩემს გეგმებში მასთან ბრძოლა საერთოდ არ შედის. მას ჰგონია, რომ სუპერ, მეგა-ვარსკვლავია, მაგრამ ასე არ არის.

კონორთან ბრძოლა: ის ნამდვილად სუპერვარსკვლავია, თუმცა, აშკარაა, რომ მისი ბრძოლები ბოლო მარცხების გამო შემცირდა. ახლა აპირებს ბრძოლას, ივნისში, თუ ივლისში. თუ გაიმარჯვებს, შესაძლოა კვლავ მოიპოვოს აჟიოტაჟი, ამიტომ მასთან ბრძოლა კარგი იქნებოდა. არ აქვს მნიშვნელობა რომელ წონაში უნდა, რადგან ყველა წონაში თავს კომფორტულად ვგრძნობ. პროგნოზი? რა თქმა უნდა, პირველი რაუნდი!

სამომავლო გეგმები და ქამრის რამდენჯერმე დაცვა: მე სუპერამბიციური ადამიანი ვარ. პირველ რიგში მინდა მსოფლიო ჩემპიონი გავხდე და შემდეგ ზედა წონაში ავიდე და მეორე ქამრისთვის ვიჩხუბო, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. მინდა მოვიგო ეს ქამარი და გადავიდე სხვა კატეგორიაში, ვიბრძოლო იმ ლეგენდარულ მებრძოლთან, რომელიც ფანებს უყვართ. შემდეგ კი რამდენიმე ჩხუბის კრივში გამართვა მსურს, რადგან ვგრძნობ, რომ ჩემი კრივის დონე ძალიან მაღალი და კონკურენტუნარიანია. კრივის სამყაროშიც მსურს საკუთარი თავის გამოცდა.

კანელო ალვარესთან ჩხუბი? მე ყოველთვის საუკეთესოებს ვუმიზნებ, კანელო ალვარესი კი ახლა ნამდვილად საუკეთესოა, მასთან სიამოვნებით ვიჩხუბებდი, ეს შესანიშნავი ბრძოლა იქნება, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ეს მომენტიც დადგება, ყველაფერი დროის საკითხია.

ალექსანდრე თოფურიას დებიუტი UFC-ში: ვფიქრობ, მისი დებიუტი აპრილში, ან მაისში შედგება. გზა, რომელსაც უნდა გაჰყვეს, თავად უნდა შექმნას. ის კარგ გადაწყვეტილებებს იღებს და დარწმუნებული ვარ, საუკეთესოს მიიღებს. ის აპირებს ისეთი გზის გავლას, რომელშიც ყოველი მეტოქე სატიტულო ბრძოლისთვის მიღწევაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შორის ქვე-მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა UFC 298-ზე, კალიფორნიაში გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს მოიპოვებს და საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი გახდება, UFC-ის ჩემპიონის ქამრის მოპოვებას შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცოტათი სულელია, მაგრამ ჩხუბი ნამდვილად იცის“ | შონ ომალი ილია თოფურიაზე
„ცოტათი სულელია, მაგრამ ჩხუბი ნამდვილად იცის“ | შონ ომალი ილია თოფურიაზე